ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლიდან ბავშვები კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, 6 მოსწავლე შეუძლოდ გახდა, რის გამოც საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება. ისინი მუცლის ჭვალის დიაგნოზით ბათუმის დედათა და ბავშვთა რეგიონულ ცენტრში გადაიყვანეს.
ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. მათ უტრდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. კლინიკაში მივიდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
პარალელურად, სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით ადგილზე მივიდნენ აჭარის ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე, ინფექციონისტი და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები.
ჯერჯერობით გაურკვეველია უკავშირდება თუ არა მოსწავლეების შეუძლოდ ყოფნა მოწამვლას. ამ დროისათვის სხვა ბავშვებს დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები არ აღენიშნებათ.