საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო ჯგუფის, დაინტერესებული უწყებებისა და ექსპერტების მონაწილეობით, ხვალ, 22 მაისს, „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტის განხილვას გამართავს.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში პარლამენტის წევრების გიორგი ხეჩინაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის ავტორობით შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივას დეტალურად განიხილავენ.
ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივითა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოში ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის მხარდაჭერით გაიმართება.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ტუბერკულოზის და ფილტვისა დაავადებათა ეროვნული ცენტრის, რეგიონალური ფთიზიატრიული დაწესებულებების ხელმძღვანელები და წამყვანი სპეციალისტები, დარგობრივი ასოციაციის წარმომადგენლები, საპარლამენტო კომიტეტთან არსებული ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანდაცვითი პროექტების ხელმძღვანელები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და მინისტრის პირველი მოადგილე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
სამუშაო შეხვედრა ბათუმში 9:30 საათზე სასტუმროში ,,რადი სონ ბლუ ბათუმში” გაიხსნება.