საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან ერთად ახორციელებენ საქართველოში C და B ჰეპატიტის გავრცელების ეროვნულ პოპულაციურ (მოსახლეობის) კვლევას, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კვლევის მიზანია საქართველოში C და B ჰეპატიტის გავრცელების შესწავლა, რისკის ფაქტორების გამოვლენა და მოსახლეობის ცოდნის დონის შეფასება. აღნიშნულის განსახორციელებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა 7000 ინდივიდი, რომელთაგანაც მოხდება ინფორმაციის შეგროვება და ჩაუტარდებათ გამოკვლევა C და B ჰეპატიტზე.
კვლევის განსახორციელებლად CDC-ის და NCDC-ის მიერ სპეციალურად გადამზადდა 20 ინეტრვიუერი და 20 ფლებოტომისტი. ისინი საქართველოს ყველა რეგიონში და თბილისში შეაგროვებენ მონაცემებს და სისხლის ნიმუშებს შერჩეული ინდივიდებისგან. ინფორმაციის შესაგროვებლად გამოყენებული იქნება სპეციალური კითხვარი, რომლის განხილვა და დამტკიცებაც მოხდა ემორის უნივერსიტეტის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბიოეთიკის კომისიების მიერ.
თბილისში კვლევა 11 მაისს დაიწყო და გაგრძელდება 19 მაისის ჩათვლით, ხოლო შემდეგ ჯგუფები გავლენ რეგიონებში და იმუშავებენ 12 აგვისტოს ჩათვლით.
მიმდინარე კვლევა იქნება C და B ჰეპატიტის გავრცელების პირველი ეროვნული კვლევა საქართველოში, რომლის დასრულების შემდეგაც მივიღებთ ახალ, ზუსტ მონაცემებს როგორც C ჰეპატიტის ისე მისი გენოტიპების გავრცელების შესახებ ეროვნულ დონეზე.