საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კიევში უკრაინელ კოლეგას ალექსანდრე კვიტაშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,პირველი არხი” ავრცელებს.
შეხვედრაზე კოლეგებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე, საომარი მოქმედებების შემდეგ მიღებულ ჰუმანიტარულ დახმარებასაც, რისთვისაც უკრაინულმა მხარემ საქართველოს ჯანდაცვის უწყებას მადლობა გადაუხადა.
"ვიზიტის მთავარი მიზანია 28 აპრილს კონფერენციაზე დასწრება, რომლის ამოცანაა მხარდაჭერის გეგმების და პროექტების შეჯამება, მოსმენა და ახალი შესაძლებლობების დანახვა, რაც დღეს უკრაინის სახელმწიფოს სჭირდება. როგორც ადრე, ისევე ახლაც მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში მედიკამენტების მიწოდება, ბავშვებისა თუ დაჭრილების ჩამოყვანა რეაბილიტაცისთვის ისევ გავაგრძელოთ", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ალექსანდრე კვიტაშვილი აღნიშნავს, რომ, საქართველოს აქვს უნარი, დაეხმაროს უკრაინას ბევრ საკითხში, მათ შორის რეფორმირების კუთხითაც, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით.
"იყო საუბარი თემებზე, რითაც შეუძლია საქართველოს დაეხმაროს უკრაინას, იგივე ბავშვების მკურნალობით, მათი გაგზავნით კურორტებზე ზაფხულის განმავლობაში, ვაქცინებით", - განაცხადა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა.
დავით სერგეენკო დღეს კიევში დაგეგმილ კონფერენციას დაესწრება, სადაც უკრაინის მეგობარი ქვეყნებისგან განხორციელებულ და დაგეგმილ მხარდამჭერ პროექტებს განიხილავენ.