,ენგურჰესი, ისევე, როგორც სხვა ყველაფერი, რაც ჩვენს ტერიტორიაზე არსებობს, აფხაზ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს", - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ.
რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული აფხაზეთის გენერალურმა პროკურორმა ალექსი ლომიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ მიერ სახელმწიფო კომპანია ,,ჩერნომორენერგოს" დოკუმენტების შემოწმების შედეგად, დარღვევების მთელი წყება აღმოაჩინეს. ლომიას თქმით, მათ შორის ყველაზე ,,სენსაციური" იყო ის, რომ 2007 წლიდან ,,ჩერნომორენერგოს" ბალანსზე აღარ ირიცხება ისეთი საწარმოები, როგორიც ,,ენგურ-ჰესი" და ,,ვარდნილ-ჰესია."
ორივე მათგანი ქართული ენერგოსისტემის კუთვნილებაში გადავიდა.
,,ჩვენ დღემდე ისიც არ ვიცით, ვიღებთ თუ არა ,,ენგურჰესიდან" მოგების იმ 40 %-ს, რაც გვეკუთვნის.
პრეზიდენტმა და მთლიანად, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ ამ ობიექტის კუთვნილების საკითხი ჩვენს სასარგებლოდ გადავწყვიტოთ." - აღნიშნა ხაჯიმბამ.
მისი თქმით, გენერაციის მთავარი ობიექტის მათ მფლობელობაში გადასვლა რთული პროცესია, მაგრამ არა - შეუძლებელი.
,,მართალია, ეს საკითხი დროში გაიწელება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს. ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს." - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.