ჩვენი გაწბილებული და შეურაცხყოფილი მოსახლეობის გულის მოგება მხოლოდ იმით, რომ დააპატიმრონ რომელიმე ყოფილი მაღალჩინოსანი, - აცხადებს გაზეთ "პრემიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი. მისი თქმით, ხელისუფლებაში არის ადამიანთა მცირე, მაგრამ ცნობილი რაოდენობა, რომელიც ამა თუ იმ თანამდებობაზე ყოფნისას მხოლოდ დისკრედიტაციას უწევდა ხელისუფლებას, მაგრამ მაშინაც და დღესაც ხელს აფარებენ.
"საკუთარ წრეში მოინახულონ, ვინ რითია დაკავებული. ცალკე მოსამართლეებმა ბოდიშის მოხდით თავად გვითხრან, ვის მიუსაჯეს უსამართლო პატიმრობა, პროკურორებმა მოინანიონ, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანს დავალებისა და ზეწოლის გამო, სრულიად უსამართლო ბრალდება წაუყენეს. თაროებზე შემოდებული საქმეების სასამართლოები დღემდე არ ჩატარებულა და მის განხილვას არც აპირებენ. თუ ადამიანი ციხეში არ ზის, ყოფილ ბრალდებულს არანაირი კანონი არ ავალდებულებს, რომ საჩივარი შეიტანოს, ან პროცესის დანიშვნა მოითხოვოს. დღევანდელ უმსგავსო ვითარებას თუ წინა წლებს შევადარებთ, რა თქმა უნდა, უკეთესია, მაგრამ უკეთესი არ ნიშნავს კარგს. საზოგადოება იმიტომ ილტვოდა უარესის მოსაშორებლად, რომ ყოფილყო კარგი და არა წინა ხელისუფლებაზე უკეთესი. საზოგადოებას ეს არ აკმაყოფილებს, ამიტომ ერმაც და ბერმაც კეთილინებოს და საკუთარ ხალხთან გულწრფელი და საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული იყოს, სხვანაირად ვერანაირი პროგრესის მიღწევას ვერ შევძლებთ. კიდევ კარგი, საქართველო დღეს კლასიკური სქემიდან ამოვარდნილია, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკას ეფუძნება და მისი გაგრძელებაა. საშინაო პოლიტიკის ვერაფერი გამიგია. საშინაო საკადრო პოლიტიკა იმდენად გაუგებარია, რომ, კიდევ კარგი, ეს სენი საგარეო პოლიტიკაში საკადრო სისტემას არ გადაედო. იქ მართლაც პროფესიონალთა უმრავლესობაა წარმოდგენილი ჩვენი ელჩების სახით, მათ იციან თავისი საქმე, ვალდებულებები, ვის და რისთვის ემსახურებიან. ჩვენ ხომ გვიყვარს ყველაფრის თავდაყირა დაყენება და იქნებ მოვახერხოთ, რომ საგარეო პოლიტიკამ განსაზღვროს საშინაო პოლიტიკა. იქნებ ამან მაინც გამოასწოროს ქვეყნის შიდა ვითარება", - აცხადებს ცისკარიშვილი.