სამინისტროს პროგრამის - „სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის ფარგლებში" დაიწყო სმენის აპარატების გაცემა. პროგრამის მიმდინარეობის პროცესს დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რომან ბოლქვაძე და სოციალური დაცვის დეპარატმენტის უფროსი ლელა სურმანიძე გაეცნენ.
პროგრამის ფარგლებში გერმანული ფირმის ციფრული სმენის აპარატი უკვე მიიღო 57 მოქალაქემ, მათ შორის 23 ბავშვია. დაგეგმილია 300 სმენის აპარატის გაცემა.
პროგრამას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კინდ სმენა" ახორციელებს, პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 135 000 ლარით.
პროგრამა ითვალისწინებს სმენის აპარატის მორგებას, აპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევას. ასევე საგარანტიო მომსახურებას 12 თვის განმავლობაში.
პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობენ მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით.
აღნიშნულ პროგრამას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2013 წელსაც ახორციელებდა, გასულ წელს გაიცა 200 სმენის აპარატი.