2017 წლის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2 პროცენტზე მეტით გაიზარდა და 2,844 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბა. აღნიშნულმა მაჩვენებელმა საქართველოს მთლიანი ბრუნვის დაახლოებით 27 პროცენტი შეადგინა, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მონაწილეობს.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 2017 წელს 13 პროცენტით გაიზარდა და ნომინალში 647 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა ინდუსტრიული პროდუქციის ექსპორტი.
დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2017 წლის 9 თვის მონაცემებით, ევროკავშირიდან განხორციელებულმა ინვესტიციებმა 441 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 6 პროცენტით მეტია.
„აღნიშნული პოზიტიური შედეგები, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, კერძო სექტორის დამსახურებაა, მეორე მხრივ კი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების, რომელიც ევროკავშირთან გაგვაჩნია და ასევე იმ ბიზნეს-კლიმატის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის. რაც შეეხება რეფორმებს ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში, ჩვენ სრულად ვასრულებთ ჩვენზე აღებულ ვალდებულებებს,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.