ჩვენ განვაცხადეთ, რომ არჩევნები არ ჩატარებულა საქართველოში, შესაბამისად, „ძლიერმა საქართველომ“ განაცხადა, რომ კანონის შესაბამისად აბარებს მანდატებს, ჩახსნის სიას. ეს არის მკაფიო, წყალი არ გაუვა. ამავე დროს, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ოთხივე ოპოზიციური პარტიის ერთდროული მოქმედებით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
შეკითხვაზე „სინქრონი თუ არ იქნა და გახარიას პარტია არ ჩახსნის სიებს, აზრს კარგავს ამის გაკეთება თქვენგანაც?“, ხაზარაძემ აღნიშნა:
„ეს არ მითქვამს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი და უნდა ავუხსნათ გახარიას პარტიას, რომ ეს არ არის ბრძოლა. მესმის, რომ მათ თავიანთი სტრატეგია აქვთ, მაგრამ ჩვენ უნდა ავუხსნათ მას და საზოგადოებამაც მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია, მისმა ამომრჩეველმა უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. მოლაპარაკებების, დარწმუნების და ახსნა-განმარტების გზით. რაც არ უნდა საოცარი იყოს ,ამ ბოლო დროს მე გამოვდივარ რაღაც ყველაზე დიდი ადვოკატი გახარიასი და მისი პარტიის. დარწმუნებული ვარ, მის გუნდში მიზნის მიღწევა უნდათ, ისევე როგორც ჩვენ. ამიტომ კონსულტაციები უნდა გაიმართოს, ეს ალტერნატიული სახალხო პარლამენტი უნდა გაკეთდეს, კოალიციამ და კოალიციებმა თანამშრომლობა უნდა გააუმჯობესონ. ოთხი კოალიცია უნდა ვსაუბრობდეთ ერთად საქმისთვის. ვინაიდან მოხდა პრეცედენტი ვენესუელაში, გარანტიას გაძლევთ, ეს ამბავი მოხდება საქართველოში, თუ კიდევ ერთხელ ვიქნებით თანმიმდევრულები, მტკიცენი, გვექნება კარგი კოორდინაცია ამ ოთხ ოპოზიციურ კოალიციას. სხვა რას გააკეთებს, ამას ვნახავთ, მაგრამ ახლა ჯინიანობის დრო არ არის, ახლა არის დარწმუნების, ახსნა-განმარტებების და იმის ჩვენების დრო, რომ ოთხივე ერთად თუ არ დავდგებით და სტრატეგიაზე არ შევთანხმდებით, უბრალოდ, ქვეყანას წავაგებთ. ამიტომ, ეს საკითხი არის დისკუსიის და შეხვედრებისთვის გადადებული. ვთხოვ თქვენი ტელეეთერიდან გახარიას გუნდს და გახარიას, უახლოეს ხანში შევხვდეთ და ამ თემაზე ვისაუბროთ, რადგან ამ საკითხში ბუნდოვანება არ შეიძლება იყოს“, – განაცხადა ხაზარაძემ.