გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩი, შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ 2024 წელს მესამე მსოფლიო ომი დაიწყო.
ზალუჟნიმ შესახებ მან გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ მიერ ორგანიზებულ დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მიმაჩნია, რომ 2024 წელს შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო. იმიტომ, რომ 2024 წელს უკრაინის წინაშე აღარ დგას მხოლოდ რუსეთი. უკრაინის წინაშე დგანან ჩრდილო კორეელი ჯარისკაცები. მოდით ვიყოთ გულწრფელები. უკვე უკრაინაში ირანული "შაჰიდები" საკმაოდ ღიად, უყოყმანოდ კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას. უკვე სწორედ ჩრდილოეთ კორეის წარმოების რაკეტები მიფრინავენ უკრაინაში, რასაც ღიად აცხადებენ. უკრაინაში ჩინური ნაღმები ფეთქდებიან, რუსულ რაკეტებში კი ჩინურ დეტალებს იყენებენ“, - თქვა გენერალმა ზალუჟნიმ.
ვალერი ზალუჟნის აზრით, სამხედროების უმრავლესობა დაეთანხმება, რომ ყველა ჩამოთვლილი ფაქტორის საფუძველზე შესაძლებელია იმის თქმა, რომ მსოფლიო ომი დაწყებულია და მსოფლიო უნდა მოემზადოს ამისთვის.
„თუმცა, მინდა, ვთქვა, რომ თავად ღმერთი აძლევს შანს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს, რომ მოასწრონ სწორი დასკვნების გაკეთება. ჯერ კიდევ შესაძლებელია ყველაფრის აქ, უკრაინის ტერიტორიაზე შეჩერება. თუმცა რატომღაც ჩვენს პარტნიორებს ამის გაგება არ სურთ. აშკარაა, რომ უკრაინას უკვე ზედმეტად ბევრი მტერი ჰყავს. ტექნოლოგიების დახმარებით უკრაინა გადარჩება, თუმცა უცნობია, შეძლებს თუ არა ის ამ ბრძოლაში დამოუკიდებლად გამარჯვებას“, – განაცხადა ზალუჟნიმ.
ზალუჟნის 2021 წლიდან ეკავა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობა. ის ამჟამად გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩია.