უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის განცხადებას უკრაინის ტერიტორიაზე საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტა „ორეშნიკის“ გამოყენების შესახებ.
„დღეს პუტინმა აღიარა, რომ წელს მან უკვე მეორე ნაბიჯი გადადგა ესკალაციისკენ, ამ ომის გაფართოებისკენ. გამოიყენეს ახალი ბალისტიკური რაკეტა. პუტინმა დაარტყა ჩვენს ქალაქ დნიპროს - უკრაინის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქს. ეს არის ამ ომის მასშტაბებისა და სისასტიკის აშკარა და სერიოზული ზრდა, რუსეთის მიერ გაერო-ს წესდების ცინიკური დარღვევა. და მე ხაზს ვუსვამ: ეს არის რუსეთის მეორე ნაბიჯი ესკალაციისკენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
პირველი ასეთი ნაბიჯი იყო ჩრდილოეთ კორეის ჩართვა უკრაინის წინააღმდეგ ომში – არანაკლებ 11 ათასი ჯარისკაცისგან შემდგარი კონტიგენტი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, პუტინმა გადადგა ორივე ნაბიჯი, მათი უგულებელყოფით, ვინც ომის არგაფართოებისკენ მოუწოდებს.
„მას არ აინტერესებს რას ითხოვენ ჩინეთი, ბრაზილია, ევროპის ქვეყნები, ამერიკა, მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანა“, - ამბობს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 21 ნოემბერს დნიპროზე დილით განხორციელებული თავდასხმის დროს საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტა „ორეშნიკი“ გამოიყენა.