საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მიხეილ მაჭავარიანი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეიდან გამოსვლა საქართველოს პარლამენტისათვის რაიმე სახის დანაკარგი არ იქნება.
მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეაში კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიიღებოდა და საქართველოს მიერ დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეაში ერთადერთ სარგებელს მხოლოდ ტრიბუნა წარმოადგენდა.
"დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეაში ყოფნა საქართველოსთვის რაიმე შენაძენი არყოფილა და შესაბამისად, აქ რაიმე დანაკარგზე საუბარი ზედმეტია. დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოსთვის ერთადერთი სარგებელი ტრიბუნა იყო, რადგან აქ კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიიღებოდა. იმ ორგანიზაციაში, სადაც რუსეთი, აგრესორი ქვეყანაა წარმოდგენილი, რაიმე სახის თანამშრომლობა აზრს კარგავს", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მიხეილ მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან, საქართველოს პარლამენტი დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი აღარ იქნება.
დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეის დატოვების შესახებ საქართველოს მხრიდან განცხადება ორგანიზაციაში 22 ივლისს შევიდა. არის მექანიზმი, რომლის თანახმადაც, წევრობა ამგვარი განაცხადის მიღებიდან ნახევარი წლის გასვლის შემდეგ წყდება.
საქართველო კვლავ რჩება იმ 75 ხელშეკრულების ერთგული, რომლებიც დსთ-ს ფარგლებშია გაფორმებული. ეს ხელშეკრულებები ეკონომიკურ ურთიერთობებს, რკინიგზის საბჭოში მონაწილეობას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კოორდინაციას არეგულირებს. თან ეს ისეთი ხელშეკრულებებია, რომლებიც მათში ისეთ სახელმწიფოთა მონაწილეობას გულისხობს, რომლებიც დსთ-ს წევრები არ არიან.