მოვუწოდებ ევროპის ქვეყნებს, მიიწვიონ სალომე ზურაბიშვილი თავიანთ პარლამენტებში სიტყვით გამოსასვლელად, რათა ფარდა ახადოს იმას, რასაც ეს რეჟიმი სჩადის. აქ უკვე საუბარი აღარაა მხოლოდ ე.წ. რუსულ, უცხო აგენტების კანონზე. მათ გაცილებით უფრო შორს შეტოპეს. და, რაღა თქმა უნდა, აგრძელებენ ამ ორმაგ თამაშს, - ამის შესახებ ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის წევრმა, ლატვიელმა ევროპარლამენტარმა რიჰარდს კოლსმა რადიო თავისუფლებას განუცხადა.
მისი თქმით, არჩევნების შედეგების არაღიარებასთან დაკავშირებით, „დიპლომატიურ ბუნდოვანების“ ეტაპი უკვე გავლილია.
“ჩვენ ვხედავთ, რომ შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაადო მთავარ აქტორს „ქართული კოშმარის“ მიღმა - ვფიქრობ, ეს სახელი უფრო შეეფერებათ - იმ კაცს, რომელიც რეალურად „ამოძრავებს თოჯინებს“ ფარდის მიღმა. ვემხრობი იმას, რაც აშშ-მა უკვე გააკეთა, რასაც „ჰელსინკის კომისია“ აკეთებს და მინდა, იგივე ზომები ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც მიიღონ. ევროპარლამენტმა უკვე მიიღო რეზოლუცია, რომელიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
საბედნიეროდ, ამჟამად ევროკავშირის პრეზიდენტობა პოლონეთის ხელში გადავიდა. და უკვე ვნახეთ, როგორ იმოქმედებს პოლონეთი – მათ უარი უთხრეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს COSAC-ის კონფერენციაში მონაწილეობაზე, რომელიც ვარშავაში გაიმართება ამ თვეში. ეს მიანიშნებს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ბრიუსელში საქართველოს თემა არ ჩაიკარგება, პირიქით, უფრო მაღლა და მაღლა აიწევს დღის წესრიგში. შემდეგ კვირას ევროპარლამენტის პლენარული სხდომა იქნება – არ გამოვრიცხავ, რომ განვიხილოთ ახალი რეზოლუციაც, რომელიც ევროპულ კომისიასა და საბჭოს რეალური ქმედებებისკენ მოუწოდებს. ეს იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი, თუ სად დგანან ევროპელები ამ კონფრონტაციაში და რამდენად მტკიცედ უჭერენ მხარს ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს.
ნუ დაგვავიწყდება, რომ ევროკავშირი რთული მექანიზმია. სანქციების ნებისმიერი პროცესი დროს მოითხოვს. მაგალითად, რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სანქციების 15 პაკეტი დავაკისრეთ - მე თუ მკითხავთ, ჯობდა ეს 15-ივე ერთ პაკეტად ყოფილიყო გაერთიანებული და თავიდანვე, ერთიანად მიგვეღო. მაგრამ ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს და გამოვრიცხოთ ეროვნული სანქციების შესაძლებლობაც. თუ მაგალითად „ქართული კოშმარის“ დიპლომატს ლატვია განუცხადებს, რომ შენგენის ვიზაზე უარს ეუბნება, ვერც დანარჩენი წევრი ქვეყნები მისცემენ შენგენის ვიზას ამ ინდივიდს, მხოლოდ ის შეუძლიათ, საკუთარი ვიზა მისცენ. ეს დამატებითი ზეწოლის მექანიზმია, რომელიც შესაძლოა „ქართული კოშმარის“ ოფიციოზის წინააღმდეგ გამოვიყენოთ. ანუ, თუ ვინმე „ქართულ კოშმარს“ უჭერს მხარს, უნდა ვუთხრათ: ევროკავშირის სანქციების შემდეგ ჩვენც დაგიწესებთ ჩვენს ეროვნულ სანქციებს, დამატებით, ბონუსად“, - განაცხადა კოლსმა.