„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ქართველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები და სახალხო პროტესტს აერთიანებს სწორედ ახალი არჩევნების ჩატარებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა.
„ივანიშვილის ჯიბის პროკურატურის გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, ქვეყანაში იქნება თუ არა ახალი არჩევნები. ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი და ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ხედავთ, რომ საყოველთაო ეროვნული პროტესტის მოთხოვნა არის სწორედ ახალი არჩევნები ივანიშვილის, სუს-ის და მის მიერ კონტროლირებადი ცესკო-ს გარეშე, და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ეს არის ორადორი მოთხოვნა, რომელიც აერთიანებს საყოველთაო, სახალხო პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით და, შესაბამისად, ივანიშვილის ჯიბის პროკურატურას არანაირი წვლილი არ მიუძღვის ამ გადაწყვეტილებაში. ეს გადაწყვეტილება მიიღო ხალხმა და ის მაინც აღსრულდება, უბრალოდ, აქ საუბარია ვადებზე და ჩვენი სურვილი, მოთხოვნა და ბრძოლის ნაწილია, რომ რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდეს არჩევნები, რათა აღარცერთი ადამიანის უფლება არ იყოს დარღვეული ივანიშვილის რეპრესიული მანქანის მხრიდან“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.