ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით ბრიტანელმა დეპუტატმა ჯეიმს მაკლირმა წინადადება წარადგინა.
დეპუტატმა უკვე დააყენა შუამდგომლობა, რომლითაც ბრიტანეთის პარლამენტს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ის პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
"პალატა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო; გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიის შელახვისა და საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში; აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები ივანიშვილზე და მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, იგივე გააკეთოს დემოკრატიული უკანდახევის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის დემონსტრირებისთვის; მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას საქართველოსთან და უფრო მჭიდრო კოორდინაციას ევროკავშირის პარტნიორებთან რუსეთის ჩარევის დასაპირისპირებლად; და კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას", - წერს დეპუტატი.