ქართული მხარე ოკუპირებულ რეგიონებთან "თავდაუსხმელობის პაქტის" გაფორმებას არ აპირებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განუცხადა.
"ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიებია, მათთან რაიმე სახის ხელშეკრულების გაფორმება კი, უხერხული და უცნაური", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" თემურ იაკობაშვილმა.
"საქართველომ ამასთან დაკავშირებით უკვე კარგა ხანია გამოხატა თავისი პოზიცია და ჟენების მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე მას რუსულ მხარეს კიდევ ერთხელ გავუმეორებთ: საოკუპაციო ძალა არის რუსეთი, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი კი არ არსებობენ, როგორც დამოუკიდებელი ერთეულები. ორივე ოკუპირებული ტერიტორიებია და ოკუპირებულ ტერიტორიებთან რაიმე ხელშეკრულების გაფორმება, ცოტა არ იყოს უცნაურია. ვერ ვხვდები, რუსები ჯიუტად ერთი და იგივეს რატომ იმეორებენ", - განუცხადა იაკობაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ რუსული მხარე ჟენევის მოლაპარაკებათა მე-9 რაუნდზე, რომელიც 28 იანვარს გაიმართება, კვლავ აპირებს დააყენოს საკითხი საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და საქართველოსა და აფხაზეთს შორის "თავდაუსხმელობის პაქტის" გაფორმების შესახებ.