20 ოქტომბერს, 12:00 საათზე თელავის რაიონულ სასამართლოში "ახალი მემარჯვენეების~ მხარდამჭერის, კოტე კაპანაძის სასამართლო პროცესი განახლდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
სამართალდამცავებმა კოტე კაპანაძე 2009 წლის 22 ივნისს დააკავეს. კახეთის საოლქო პროკურატურა მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. პროკურატურის ინფორმაციით, კაპანაძემ 2007 წელს თელავის საგადასახადო ინსპექციაში მუშაობის დროს, სახელმწიფოს 208 ათასი ლარის ოდენობის ზიანი მიაყენა.
წინა სასამართლო პროცესზე კახეთის საგადასახადო ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე, მოწმე თამაზ ჭუნიაშვილი და განსასჯელი თეიმურაზ იარაჯული დაიკითხნენ.
მოსამართლე ბასარიონ ტაბაღუა პროცესებს სასამართლოს შენობის ყველაზე მცირე დარბაზში ატარებს, რის გამოც დაინტერესებულ პირებს სხდომაზე დასწრების საშუალება არ ეძლევათ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ,
მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობით სასამართლო სხდომის დარბაზში აუდიოჩაწერა აკრძალული არ არის, მანდატურები ჟურნალისტებს დიქტოფონის გამოყენების საშუალებას არ აძლევენ.