"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადებით, "შერატონ ბათუმი" უარს ამბობს ზვიად ქორიძისთვის თავდასხმის კადრების გადაცემაზე.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რეაგირებას მოახდენს.
"შერატონ ბათუმი, კანონმდებლობის მოთხოვნის მიუხედავად, უარს ამბობს გადასცეს ზვიად ქორიძეს ვიდეო მასალა, სადაც მასზე თავდასხმა არის აღბეჭდილი.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ამ საკითხთან დაკავშირებით ექნება რეაგირება, გამოიყენებს ყველა ადგილობრივ სამართლებრივ მექანიზმს, ასევე მიაწვდის ინფორმაციას შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ არა მხოლოდ ადამიანის უფლებების, არამედ ბიზნეს სფეროს მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.
15 იანვარს, ღამით, ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი სამხარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე და მასთან მყოფი სხვა პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას.