დღეს, 30 დეკემბერს, შეწყალების კომისიის სხდომა გაიმართება.
პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისია 87 მსჯავრდებულის საქმეს განიხილავს.
კომისიის წევრთა განცხადებით, განსახილველ საქმეებს შორის რამდენიმე მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პატიმრის საქმეცაა, მათ შორის ჯგუფური ყაჩაღობის, ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისა და ძარვისთვის მსჯავრდებულების.
"თუმცა, ჩვენ განვიხილავთ მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულ მხოლოდ იმ პატიმრების საქმეებს, რომელთაც სასჯელის დიდი ნაწილი უკვე მოხდილი აქვთ და თან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ, ან ჰყავთ რამდენიმე მცირეწლოვანი შვილი", - განუცხადა ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა.
აღსანიშნავია, რომ 87 საქმეს შორის 14 ქალისა და 1 არასრულწლოვანის საქმეცაა.
საახალწლოდ რამდენიმე მსჯავრდებული დატოვებს საპატიმროს - ეს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. როგორც ცნობილია, კომისიის მიერ პატიმართა საქმეების განხილვის შემდეგ შემუშავებული შესაბამისი სია ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება.