ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ფე-ეს-ბეს ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.
"ასე ადვილად რომ ვაკავებდეთ რუს ჯარისკაცებს ახლა ისინი ჩვენს ტერიტორიაზე აღარ იქნებოდნენ", - განუცხადა სუბელიანმა ჟურნალისტებს "ფე-ეს-ბეს" მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას.
რაც შეეხება უშუალოდ ცხინვალში დისლოცირებული რუსული სამხედრო ანწილიდან გამოქცეულ რუს სამხედროს, სუბელიანი იომ პროცედურებს განმარტავს, რომლებიც ჯარისკაცისთვის ლტოლვილის სტატუსისა და შესაბამისი თავშესაფრის მინიჭებისთვის არის აუცილებელი.
"4 თვე გვაქვს იმისთვის, რომ გავარკვიოთ მივცემთ თუ არა რუს ჯარისკაცს თავშესაფარს. ამ ეტაპზე მას ლტოლვილის მაძიებლის სტატუსი აქვს მინიჭებული. პროცედურულად მასთან 7 ინტერვიუს ჩაწერაა საჭირო, რომლებსაც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი უნდა დაესწროს და სწორედ ამ ინტერვიუების გაანალიზების შემდეგ უნდა მოხდეს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება", - განმარტა სუბელიანმა.
ამასთან მისივე თქმით, რუსი სამხედროსთვის საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება გაერომ უნდა მიიღოს, რადგან აღნიშნულთან დაკავშირებით მხოლოდ ქართული მხარის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პასუხისმგებლობა თბილისს დაეკისრება თუკი ჯარისკაცზე საკუთარ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში ფიზიკური ზეწოლა ან ლიკვიდაცია განხორციელდება.
"გვქონია ისეთი შემთხვევები როცა თბილისში ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი ჯარისკაცის მშობლები გადმოსულან და მათი შვილის წაყვანა მოუთხოვიათ. აღნიშნულ კონტექსტში აუცილებლად მიგვაჩნია ზედმეტი პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გაერომაც მიიღოს" - განმარტა სუბელიანმა.