შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი, რომელიც უფლებამოსილების განხორციელებას 20 იანვრიდან შეუდგება, მასობრივი დეპორტაციის პროცესის დაწყებას 21 იანვრიდან გეგმავს. ინფორმაციას 4 ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
როგორც იუწყებიან, 21 იანვრიდან საიმიგრაციო რეიდების განხორციელება ჩიკაგოდან დაიწყება.
ანტიმიგრაციული რეიდები მთელი კვირა გაგრძელდება. რეიდების განსახორციელებლად, აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სამსხური ჩიკაგოში 100-დან 200-მდე თანამშრომელს გაგზავნის.
როგორც უწყებიან, პირველად ეტაპზე, რეიდების სამიზნე იქნებიან აშშ-ში არალეგალურად მყოფი კრიმინალური წარსული მქონე იმიგრანტები, რომელთაც დაარღვიეს საგზაო მოძრაობის შესახებ კანონი (Traffic Violations) და სხვა კანონები, რომელთაც ბაიდენის ადმინისტრაცია საკმარისად სერიოზულად არ მიიჩნევდა დევნის წამოსაყებად.
გამოცემის წყაროები აცხადებენ, რომ თუ პოლიცია რეიდების განხორციელებისას სხვა არალეგალურად მყოფ მიგრანტებსაც შენიშნავს, მათაც დააკავებენ.
ტრამპის გუნდმა პირველადი რეიდების ჩასატარებლად, ჩიკაგოს გარდა, აშშ-ის სხვა მსხვილი ქალაქებიც შეარჩია. მათ შორის, ნიუ იორკი, ბოსტონი, ლოს ანჯელესი, სან ფრანცისკო, სიეტლი და სხვა. ამ ქალაქებში მიგრანტებისთვის ლიბერალური კანონები მოქმედებს.
რეიდებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ტომ ჰომანმა, რომელიც ახალ ადმინისტრაციაში ზედამხედველობას გაუწევს საზღვრის უსაფრთხოებასა და არალეგალურად მყოფი მიგრანტების გაძევებას.
ჩვენ დავიწყებთ ჩიკაგოში, ილინოისში. თუ ჩიკაგოს მერს დახმარება არ სურს, შეუძლია განზე გადგეს. მაგრამ თუ ის ხელს შეგვიშლის, თუ შეგნებულად დააფარებს ხელს ან მალავს არალეგალურად მყოფ მიგრანტებს, მე მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას დავიწყებ", - თქვა ჰომანმა.
ნიუ იორკის მიგრაციის კვლევების ცენტრის შეფასებით, 2022 წლის მდგომარეობით, აშშ-ში ყველაზე მეტი არალეგალურად მყოფი მიგრანტი ცხოვრობს:
კალიფორნიაში - 2.2 მილიონი
ტეხასი - 1.8 მილიონი
ფლორიდა - 936 ათასი
ნიუ იორკი - 672 ათასი
ნიუ ჯერსი - 495 ათასი
ილინოისი - 429 ათასი
არჩევნებში გამარჯვებამდე, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ წამოიწყებდა „ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ დეპორტაციის ოპერაციას კრიმინალების მოსაშორებლად.