კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე აცხადებს, რომ ერთ-ერთ პირს, რომელიც სხვებთან ერთად მას და პარტიის სხვა წევრებს თავს დაესხნენ, დანა ჰქონდა.
ბუაძის თქმით, პოლიციას დანა ჯერ არ დაულუქავს და მასთან კომუნიკაციას არ ჰქონიათ.
"ჩვენ გვქონდა შეხვედრა ძლიერი საქართველოს საბურთალოს შტაბში. შეხვედრის დასრულების შემდეგ შტაბის ხელმძღვანელი და მე მივდიოდით ჩვენი მანქანისკენ, რა დროსაც ორი ადამიანი უცბათ შემოგხვდა ჩემი სახელის ხსენებით და ხმამაღალი გინებით. შესაბამისად, ამან გამოიწვია ეს ინციდენტი. მაგრამ აქ არ ამოწურულა ეს ინციდენტი, ეს ხალხი დარჩა აქ, განაგრძობდა ქვების სროლას, დანა ამოიღეს, დაუვარდა ერთ-ერთს და ესეც კარგად ჩანს კადრებში", - თქვა ბუაძემ.
ცოტა ხნით ადრე, "ძლიერი საქართველოს" წევრებზე თავდასხმას კოალიცია განცხადებით გამოეხმაურა.
"ადგილზე მისულ პოლიციას ამ დრომდე არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ განუხორციელებია. ცივი იარაღი, რომელიც საბა ბუაძეზე თავდამსხმელს შემთხვევის ადგილზე დაუვარდა, პოლიციას არ ამოუღია/დაულუქია, როგორც სამხილი და დანაშაულის იარაღი. დანა ამ დრომდე "ძლიერი საქართველოს" საბურთალოს შტაბში ინახება. არ გამოკითხულა დაზარალებული მხარე, პარტიის წევრები, რომლებიც ასევე იყვნენ თავდამსხმელების სამიზნეები და თვითმხილველები. ამ დრომდე არ ამოღებულა გარე მეთვალყურეობის კამერები.
აქვე, აღვნიშნავთ, რომ თავდამსხმელების იდენტიფიცირება ტელეფონით გადაღებულ ვიდეომასალაში მარტივად შესაძლებელია.
შსს-ის გულგრილობა და უმოქმედობა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ თავდასხმა წახალისებულია “ქართული ოცნების” ძალადობრივი ქმედებებით პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ეს არის პოლიტიკური დევნის ტიპური მაგალითი.
ვაფრთხილებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს - ამ ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება კიდევ ერთი სამხილი იქნება მათ წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.