თბილისში, თემქის პოლიციის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე რამდენიმე მოქალაქე დააკავეს.
ადგილზე მყოფი მოქალაქეების განცხადებით, სავარაუდოდ დაკავებულია 6 პირი, მათ შორის რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი.
როგორც იუწყებიან, პოლიციასთან შეკრებილი მოქალაქეების ნაწილს პირბადე ეკეთა. მათ პოლიციელებმა უთხრეს, რომ აქციაზე სახის დაფარვა აკრძალულია და მოეხსნათ პირბადეები.
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ არ ემორჩილებიან აღნიშნულ აკრძალვას, რის შემდეგაც პოლიციამ მათი დაკავება დაიწყო.
დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, რომ პოლიციამ ისინი ძალის გამოყენებით დააკავა.
შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები თავდაპირველად "სარაჯიშვილის მეტროსთან" შეიკრიბნენ, შემდეგ კი მარშით თემქის პოლიციის მიმართულებით წავიდნენ. აქცია იმართებოდა ლოზუნგით - "ძირს პოლიციური რეჟიმი", "ცეცხლი ოლიგარქიას", "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს".