ირანის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მოჰამად მოღისე და ალი რაზინი თეირანში, სასამართლოს შენობის წინ სროლის შედეგად დაიღუპნენ. იტყობინება ირანული სააგენტო IRNA.
მედიის ცნობით, დაშავდა კიდევ ერთI მოსამართლე, გვარად მირი.
"მოსამართლეებზე თავდამსხმელმა დაკავებამდე თავი მოიკლა", - ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც იუწყებიან, თეირანი თავდასხმას ტერორისტულ აქტად განიხილავს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლე მოღისე განიხილავდა პოლიტპატიმრების საქმეს და იგი შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ სანქცირებულია. დასავლეთი მას ირანში ადამიანის უფლებათა უკიდურესი შელახვის ერთ-ერთ მონაწილედ მიიჩნევდა.
მეორე მოსმართლე, რაზინი, ერთხელ უკვე გადაურჩა მკვლელობის მცდელობას 1998 წელს. მაშინ ის თეირანის მთავარი მოსამართლე იყო.
მოკლული მოსამართლეები სპეციალიზებულები იყვნენ ეროვნულ უსაფრთხოებასთან, ჯაშუშობასა და ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულების განხილვაზე.
ფოტოზე: მოსამართლე ალი რაზინი/AP