სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე, იგივე გაფფარ ილმაზი 3 თვით პატიმრობაში დატოვა. ინფორმაციას ბათუმის საკრებულოს წევრი აკაკი გვიანიძე ავრცელებს.
მისი თქმით, ამ ვადაში გადაწყდება მისი ქვეყნიდან გაძევება/არგაძევების საკითხიც.
"სამტრედიის სასამართლომ ჩვენი გურჯი მედროშე პატიმრობაში დატოვა, ამჯერად თბილისში, უცხოელთა დროებითი მოთავსების იზოლატორში, სამ თვემდე ვადით, სანამ გაძევება\არგაძევების საკითხი არ გადაწყდება.
სოლიდარობა და მხარდაჭერა მუჰაჯირთა შთამომავალ, სისხლით ხორცამდე ქართველ კაცს, თემურ ქათამაძეს!", - წერს გვიანიძე.
თემურ ქათამაძე 11 იანვარს ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მან 5 დღე სამტრედიის დროებითი დაკავების იზოლატორში დაჰყო. გათავისუფლების დღესვე, რამდენიმე წუთში პოლიციამ იგი იზოლატორის შენობასთან ხელმეორედ დააკავა. მეორედ დაკავების შემთხვევაში, პოლიცია მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.
17 იანვარს ცნობილი გახდა, რომ თემურ ქათამაძემ იზოლატორში პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.
თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, იგი წლებია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობას ითხოვს.