(უმისამართო ბარათი, წერილი მეთორმეტე)
გზა მწვერვალისკენ დაბლობიდან იწყება(!)
გზა მუდამ იზომება მზერით, იქამდე სადამდეც თვალი სწვდება...
თვალსაწიერის მიღმა გონება - ზომავს, გონების იქეთ - წარმოსახვა, წარმოსახვის იქეთ უკვე - სულია, სულის საზომი კი - უკიდეგანო...
გზა მწვერვალისკენ დაბლობიდან იწყება!..
სურვილი დიდია მწვერვალამდე ასვლის, თუნდაც მზერითა და წარმოსახვით...
და მეც ავდივარ...
... მაგრამ მახსოვს, მუდმივად მახსოვს - "
აქეთაც ქარაფებია, იქეთაც ქარაფებია, მოვკვდებით არაფრია, ვიცოცხლებთ არაფერია" - ეს ეპიგრაფი პირველივე დღეს ამოვიკითხე სვანეთში, მეგობრის მამის საფლავის ქვაზე, როგორც შეგონება, როგორც ანდერძი, როგორც გაფრთხილება...
მწვერვალზე ასვლის სურვილი არ გამქრალა, არც შემკთალა.
უბრალოდ გაჩნდა სურვილი ქარაფებისთვისაც გადამეხედა, ქარაფებშიც ჩამეხედა და ასე მევლო მწვერვალებისკენ, თუნდაც წარმოსახვით...
* * *
ყოველ ასავალს თავისი დასავალი აქვს...
ყოველ აღმასვლას - თავისი დაღმასვლა...
ასეთია ცხოვრების დაუწერელი "კანონი"(!)
ასეთია ამქვეყნიური კანონზომიერება, რომელსაც ჩვენ ნებით თუ უნებლიედ, ძალდატანებითა თუ ძალდაუტანებლედ, სურვილისამებრ თუ სურვილის საწინააღმდეგოდ, გვინდა თუ არა - მაინც ვემორჩილებით!..
ამ "კანონს" ვემორჩილებით ადამიანები და ყოველივე რაც ამ ქვეყნად ჩვენით, ან ჩვენგან დამოუკიდებლედ არსებობს.
ამ ქვეყნად ზუსტად იმდენი აღმართია, რამდენი დაღმართიც არსებობს ამავე ქვეყანაში და ადამიანებიც, ჩვენივე შესაძლებლობების გათვალისწინებით, მუდმივად ვმოძრაობთ ამ "მარშრუტით" - რაღაცას ვიწყებთ დიდის მონდომებით, დიდი იმედით, დიდი მცდელობითა და შემართებით.
ვიწყებთ უკეთესის მოლოდინითა და გამარჯვების იმედით.
ვიწყებთ თავიდან, ნულიდან, სამგზის, ათგზის, ან სულაც ასგზის წინ, ან უკან გადადგმული ნაბიჯებიდან და მუდმივად გვაქვს იმის ილუზია, რომ დასასრულს, დაღმასვლასა და დასავალს, ყოველთვის თუ არა, ამჯერად მაინც ავცდებით...
სწორედ აქ ვუშვებთ საბედისწერო შეცდომას, როცა გვიჩნდება იმის იმედი, რომ ბუნება ჩვენთვის "გამონაკლისს" დაუშვებს და არ დასრულდება ის, რისი დასრულება, მით უფრო დაღმასვლა არ გვსურს...
* * *
არადა ერთი შეხედვით რა "მორჩილები"ვჩანვართ ადამიანები(?!)
ჩვენ არ "ვაპროტესტებთ" ზამთარში მოსულ თოვლს, შემოდგომის ფოთოლცვენას, ზაფხულის ხვათქს და გაზაფხულის წვიმას...
ჩვენ არ გვაქვს "პრეტენზია" ადიდებულ მდინარეებთან, წარღვნასთან, მეხთან, ზვავთან და მეწყერთან...
ჩვენ არ გვაქვს "პრეტენზია" გვალვასთან და გადახრიოკებულ ველ-მინდვრებთან, მაგრამ მუდმივად "ვაპროტესტებთ", მუდმივად გვიჩნდება და მუდმივად გვაკარგვინებს სიმშვიდეს ერთი მეტად აქტუალური და საჭირბოროტო კითხვა - "რატომ?"
რატომ მე და მას არა?
რატომ ის და მე არა?
რატომ მას და მე არა?
თითქოს მთელი ცხოვრება ამ ერთი კითხვისა და ნაცვალსახელების მონაცვლეობისაგან შედგება მხოლოდ!..
* * *
არადა, რამდენი რამე ხდება ჩვენს ირგვლივ საამური...
რამდენ სიამეს, სასიკეთოსა და სიმშვიდის მომგვრელს გვთავაზობს ბუნება...
რამდენი რამ არის ამ ქვეყნად ისეთი, ჩვენი მოხიბლვისა და აღტაცების უნარი რომ შესწევს...
რამდენ საოცრებას იტევს სამყარო...
* * *
დილა სვანეთში - იწყება უჩვეულოდ. სუფთა ჰაერითა და საღი ფიქრით.
ნახევრად ძილბურანში, ჯერ კიდევ საწოლში მყოფი, ხელის ცეცებით აღარ ეძებ ტელევიზორის პულტს. Dდილიდანვე არ გზაფრავენ ერთიმეორეს მიყოლებით საინფორმაციო გამოშვებები. არ გზაფრავს მეზობელის გდაუსრულებელი ლაყბობა. არ გზაფრავს ზიზღნარევ გაჟრჟოლებამდე დაბინძურებული სადარბაზო და აჭრიალებულ ლიფტში გამუდმებით იმაზე ფიქრი, რომ ადრე თუ გვიან ეს ლიფტი ვიღაცას შეიწირავს.არ გზაფრავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გუგუნში შეწუხებული და გაღიზიანებული მგზავრების ბუზღუნი. არ გზაფრავს იმის განცდა, რომ მუდმივად საღაც ეჩქარებათ ქალაქში, უსაქმურ საქმიანებსა და საქმიან უსაქმურებს...
აქ ეს ყველაფერი არ გზაფრავს.
საითაც არ უნდა გაიხედო აქ ყველგან სივრცეა.
უშბაც სივრცეშია. შეგიძლია მთელი დღე პირისპირ იჯდე და თვალებში უყურო - ის გაცილებით მეტს გეტყვის, ის გაცილებით მეტს გეუბნება ვიდრე ადამიანებს გვესმის, ვიდრე ადამიანებს შეგვიძლია...
* * *
მაგრამ ჩვენ ადამიანები, ღმერთისა და ბუნების უძღები შვილები, მუდმივად მივილტვით, მუდმივად ვცდილობთ - ავიდეთ, ავცოცდეთ და ავბობღდეთ აღმართზე...
მუდმივად ვცდილობთ და ასევე მუდმივად გვავიწყდება, რომ ყველა აღმართს თავისი დაღმართი აქვს, საიდანაც ბუნების კანონზომიერებით ადრე, თუ გვიან ზუსტად ისე დავგორდებით და ჩამოვბობღდებით, როგორც თავის დროზე ავცოცდით და ავბობღდით(!)
ჩვენ მუდმივად მივილტვით იმ მწვერვალისკენ, რომლის თავზეც დიდება და პატივი გვეგულება...
ჩვენ მუდამ მზად ვართ იმისათვის, რომ უარი ვთქვათ ჩვენს უპირველეს მოვალეობებსა და დანიშნულებაზე, უარი ვთქვათ საკუთარ თავზე, ოჯახზე, სამშობლოზე და თვით ღმერთზეც კი, ოღონდ იქ ავიდეთ - იქ სადაც კეთილდღეობა, განცხრომა და ფუფუნება გვეგულება და გველოდება...
გვსურს, მივილტვით და უკიდეგანოდ უსასრულო გვეჩვენება არა სამყარო და უფლის მადლი, არამედ საკუთარი ადამიანური ძალები და შესაძლებლობები(!)
ცდუნებას აყოლილებს რაღაცას ღმერთი "გვითმობს", რაღაცას ბუნება...
და ჩვენც ავდივართ დაბლობებიდან, და ჩვენც ვიძვრებით მირაჟად ქცეულ მთებისკენ და მწვერვალებისკენ(!)
* * *
"აქეთაც ქარაფებია, იქეთაც ქარაფებია" - ეს სულ მახსოვს. Mმახსოვს, რადგან ვხედავ(!)
"მოვკვდებით არაფერია, ვიცოცხლებთ არაფერია" - ესეც მახსოვს, მაგრამ მუდმივად არა, რადგან ყოველთვის ვერ "ვხედავ", ყოველთვის ვერ ვგრძნობ, როგორ პატარავდება და იშლება ზღვარი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის(!)
დილიდან დაღამებამდე - ხევიდან ხევში, ფერდობიდან ფერდობზე, ზვინიდან ზვინში, ზვრებიდან ზვრებში, ჩანჩქერიდან ჩანჩქერში, მდინარიდან მდინარეში, ურმიდან ურემში, კოშკიდან კოშკში, ნანგრევიდან ნანგრევში, ნასახლარიდან ნასახლოარში - დადიხარ, ჩადიხარ, ადიხარ და ფიქრობ... რაზეც ალაგ წითელ და ალაგ ყვითელ პრესაში არავინ წერს, რაზეც ცნობადი საოგადოდ სახეები და პოლიტიკოსები არ მსჯელობს ტელევიზორში, და არც ბომონდური საზოგადოების კულუარებში ჭორაობენ...
დაღამებიდან გვიან ღამემდე - ქალისგან, კაცისგან, ბავშვისგან, მთისგან და ბარისგან, ხისგან, კლდისგან, ყვავილისგან, ღრუბლისგან, ამინდისგან - ისმენ ათას მითსა და ლეგენდას, ათას საარაკო ამბავასა და გმირობის ეპოპეას... ისმენ, გიკვირს, ვერ იჯერებ... მაგრამ მაინც გჯერა, თუნდაც იმიტომ, რომ აქ არავინ ცდილობს დაგაჯეროს რამე(!)
... და როცა, ღამით ვარსკვლავებით მოჭედილ ცას აჰყურებ, როცა გგონია რომ ერთი ხელის გაწვდენაზე ხარ მათგან დაშორებული და შეგიძლია ნებისმიერი მათგანი "მოწყვიტო" ცას, როცა მთვარე ერთგული მეციხოვნესავით დაგყურებს თავზე და როცა თვით უფალსაც კი, გაცილებით ახლოს გრძნობ ვიდრე ოდესმე და სადმე, გახსენდება, რომ ყოველივე, რაც ადრე თუ გვიან იწყება, ადრე თუ გვიან მთავრდება კიდეც...
ყოველ ასავალს თავისი დასავალი აქვს, ყოველ აღმასავალს - თავისი დაღმასავალი...
მრავალი ასულა კაცთა შორის მწვერვალზე, მაგრამ მათ შორის არვინ ყოფილა ისეთი, ვინც იქ დარჩენა შესძლო და ვისაც იქ დარჩენა ერგო!
არავინ ყოფილა, მაგრამ ჩვენ მაინც გვაქვს იმედი და ამბიცია, ჩვენ მაინც გვგონია, რომ ჩევნ შევძლებთ, ჩვენ ვიქნებით პირველები, ჩვენ აუცილებლად გაგვიმართლებს...
და სწორედ აქ ვართ საბრალონი და უსუსურნი, სწორედ აქ გვენგრევა ოცნებები და ჩვენც, საკუთარი ოცნებების ნანგრევებში მოყოლილები, ათასმეერთედ ვიაზრებთ და ვხედავთ, რომ ყველა აღმართს თავისი დაღმართი აქვს, ყველა ასავალს - თავისი დასავალი...
ვიაზრებთ და ვხედავთ, რომ ამ ქვეყნად ზუსტად იმდენი აღმართია რამდენი დაღმართიც არსებობს ამავე ქვეყანაში... და ყველა იმპერიაც ადრე, თუ გვიან სწორედ იმიტომ ინგრევა, რომ ყოველ დასაწყისს თავისი დასასრული აქვს(!)
* * *
"სიბნელის ათასწლეულებს, სინათლის წამი სჯობია" - ესეც სვანეთში მოვისმინე, ორმოც წელიწადს საწოლს მიჯაჭვული სვანი კაცისგან თქმული.
გავყურებ უშბას, გავყურებ თეთნულდს, გავყურებ მიჯრით მდგარ მწვერვალებს და ვცდილობ წარმოსახვით მაინც ავიდე მათზე. წარმოსახვითვე გადმოვხედო იქედან სამყაროს და წარმოსახვითვე ვიპოვო ის "სინათლის წამი" "სიბნელის ათასწლეულებს" რომ ჯობია...
ბრძენთაბრძენი მე არასდროს ვყოფილვარ და ვერც ვერასდროს ვიქნები.
ყოველი ჩვენგანი საკუთარი ცხოვრების "ბრძენია"(!)
და ის სინათლის წამიც სწორედ იმ ერთადერთ აღმართზე მეგულება, რომელზეც ცოდვა-მადლით დამძიმებულ სულსა და სხეულს მივათრევთ უფლისკენ სავალ გზაზე -დაიბადება მრავალგზის დაბადებული!...სიკვდილი მას არ უწერია, თუ თვითონ არ მოკვდა...
"ჯი-ეიჩ-ენი", ელგა ფოლადიშვილი
"ომი და მშვიდობა" ქართულად, ანუ "ხვალ იყო ომი" ( წერილი მეთერთმეტე)
იქ, სადღაც, ზღვარი უნდა იყოს ომსა და მშვიდობას შორის, ჩვენთან არა აქვს, არც - ჩვენში... "ვომობთ" მშვიდობის ჟამს და ჩვენს "მშვიდობას" მუდამ მოაქვს ომის "შედეგი". ჩვენ ვერ ვასხვავებთ ერთმანეთისგან ომსა და ბრძოლას. წავაგეთ ომი? ესე იგი, ეს ბრძოლა იყო, ომი გრძელდება გამარჯვებამდე! მოვიგეთ ბრძოლა? ესე იგი, ეს ომი იყო და სამუდამოდ ჩვენ გავიმარჯვეთ!