ავღანეთში ჯარისკაცთა დამატებითი რაოდენობა უახლოეს მომავალში გაიგზავნება, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. აღნიშნულზე შეთანხმება სავარაუდოდ, 22-23 ოქტომბერს, სლოვაკეთის დედაქალაქს ბრატისლავაში დაგეგმილ, ალიანსის წევრი სახელმწიფოების შეხვედრაზე განისაზღვრება.
ამადე დროს, გადაწყვეტილია, რომ ავღანეთში ნატოს დაჯგუფება იქ ახალი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედებს, რომლის უპირველესი ამოცანაც ამ ქვეყანაში სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვა იქნება.
მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ავღანეთში ნატოსა და შეერთებული შტატებისთვის საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი. პრეზიდენტ ობამას განცხადებით, აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება, რადგან ამერიკული ჯარები ინიციატივას კარგავენ. მისივე თქმით, გადაწყვეტილებები იქნება მკაცრი, მაგრამ გააზრებული.
ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობა დაჟინებით მოითხოვს ავღანეთში კონტიგენტის გაზრდას იმის მიუხედავად, რომ წლის ბოლოსთვის ისედაც გათვალისწინებულია აშშ-ის სამხედრო კონტიგენტის ზრდა 68 ათას ჯარისკაცამდე.
ამის მიუხედავად, კონგრესი საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს ამ წამოწყებას. თავად თეთრ სახლშიც განიხილება სხვა სტრატეგიაც, რომელიც ამ ქვეყნიდან ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილის გამოყვანას და მათ განთავსებას, პაკისტანის საზღვარზე გულისხმობს.
მოვლენების ასეთი განვითარებისას ბრძოლა თალიბებთან კვლავინდებურად გაგრძელდება მეტწილად სპეცოპერაციებით და უპილოტო მფრინავი საშუალებების გამოყენებით.
უნდა აღინიშნოს, რომ რამოდენიმე ხნის წინ, ავღანეთში აშშ-სა და ნატოს ჯარების სარდალმა სტენლი მაკკრისტალმა განაცხადა, რომ ვითარება ქვეყანაში რთულდება, რასაც ხელს უწყობს ხელისუფლებაში არსებული კორუფცია. აღნიშნული კი, მოსახლეობას აიძულებს საკუთარი უფლებების დაცვა თალიბებთან ეძებოს.
2008 წლის განმავლობაში, ავღანეთში 1140 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, ხოლო ნატოს ჯარებში მსხვერპლმა 288 შეადგინა.