76 წლის ჰენრი კუპრაშვილმა 6 ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა ზამთრის ცურვის მე-13 მსოფლიო ჩემპიონატზე სლოვენიაში. იგი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონია ცურვაში. მან ამ წარმატებას მიაღწია 75+ ასაკობრივ კატეგორიაში 23-29 იანვარს ბლედის ტბაზე მიმდინარე ასპარეზობაში.
ცნობილია, რომ 2002 წელს ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიოში პირველმა „მხედრული კოლხურით“ (ოთხგან ხელფეხშეკრულმა) 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა დარდანელის სრუტე ევროპიდან აზიაში, 12 კმ.
ამავე დროს, ჰენრი კუპრაშვილი არის:
პირველი ქართველი საერთაშორისო მარათონელი მოცურავე;
პირველი ქართველი მოცურავე „ოუშენმენი“ (OCEANMAN);
პირველი ქართველი ზამთრის (Winter Swimming) მოცურავე;
პირველი ქართველი პარაცურვის მწვრთნელი.
ცნობილია ასევე, რომ ჰენრი კუპრაშვილი არის:
ფუძემდებელი მსოფლიოში სრუტეთა ახალი წესით გადაცურვისა;
ფუძემდებელი ქართული (კოლხურ-იბერიული) სტილით ცურვისა;
ფუძემდებელი საქართველოში პარაცურვის სწავლებისა.
იგი არის პირველი ქართველი მწვრთნელი, რომლის აღზრდილი პარამოცურავე ნიკა თვაური დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გახდა ცურვაში მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი (2011, თურქეთი). 2012 წელს კი ასევე მისმა აღზრდილმა 17 წლის ანა ლომინაძემ "მხედრული კოლხურით" გადაცურა დარდანელის სრუტე.
ქართველი მოცურავის დიდ აღიარებად უნდა ჩაითვალოს, ის ფაქტი, რომ მას 2019 წელს გადაეცა მსოფლიოს ოლიმპიური დედაქალაქის ლოზანას მერიის სპეციალური თასი წარწერით: "ჰენრი კუპრაშვილი - უნიკალური მოცურავე ადამიანი დელფინი" 08/09/2019).
სპორტის დამსახურებულმა მოღვაწემ, ლეგენდარულმა ჰენრი კუპრაშვილმა სპორტის სხვა სახეობებშიც ისახელა თავი:
იგი ასევე მსოფლიო ჩემპიონია თანამედროვე ხუთჭიდის ბიატლში (ინდივიდუალური, 2018, ეგვიპტე); ბიატლში (გუნდური, 2015); ტრიატლში (გუნდური, 2015); ბრინჯაოს პრიზიორი ტრიატლში (ინდივიდუალური, 2018, ეგვიპტე). ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ბიატლში (ინდივიდუალური, 2019, პორტუგალია).
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი მეცნიერი, ავტორი 5 მონოგრაფიის, 9 სახელმძღვანელოსი, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული 100-ზე მეტი მოხსენების, რომლის ხელმძღვანელობითაც ასევე დაცულია მრავალი სადოქტორო დისერტაცია, კვლავ ჩვეულ ფორმაშია და უკვე იწყებს მზადებას მსოფლიო ასპარეზზე ახალი სიმაღლეების დასაპყრობად.
ჰენრი კუპრაშვილი:
ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება კიდევ ერთხელ მესახელებინა საქართველო მსოფლიო ასპარეზზე. განსაკუთრებული სიყვარული და მადლობა მინდა გამოვხატო იმ ხალხისადმი, ვინც მენდო და მომცა მსოფლიო ასპარეზობაზე მონაწილეობის საშუალება. მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემი წარმატების თანამონაწილენი არიან: თბილისის მერია (კ. კალაძე, ი. გვილავა), ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ (ი. მეძმარიაშვილი, მ. აზარაშვილი), ვაკის საცურაო აუზი (დ. ქობულია) და სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (ი. გაბისონია). ჩემი უღრმესი პატივისცემა ამ ადამიანებს, მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ და მამხნევებდნენ ამ დაძაბული ერთკვირიანი მსოფლიო ასპარეზობის დროს.
ცოტა კახი კალაძესთან კი გავტეხე სიტყვა. წამოსვლისას ვუთხარი 7 დღით მიშვებ და 7 ოქროს მედალს ჩამოვიტან მეთქი, სამწუხაროდ, 100 მეტრზე ბრასში ტაქტიკური შეცდომა დავუშვი და პოლონელმა ფინიშზე გადამისწრო, შესაბამისად, ვერცხლი ავიღე და 6 ოქროს მედლის მეტი ვერ წამოვიღე. ბატონი კახი, შანს თუ კიდევ მომცემს, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვასწორებ