ინდონეზიის დასავლეთ იავის პროვინციაში ვადაგასული საბრძოლო მასალის განადგურებისას სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი ჯარისკაცი. იუწყება Associated Press
ინციდენტი გარუტის რაიონის სოფელ საგარაში, დაცულ ზონაში მოხდა. ინდონეზიელი სამხედროები სამხედრო ნაწილის საწყობებში შენახული გამოუსადეგარი და ვადაგასული საბრძოლო მასალის დაგეგმილ განადგურებას ახორციელებდნენ.
ინდონეზიის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერის, გენერალ-მაიორ ქრისტომეი სიანტურის თქმით, პირველ აფეთქებას მეორე მოჰყვა, რის შედეგადაც სულ მცირე 13 ადამიანი, მათ შორის ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა. რამდენიმე ადამიანი დაშავდა და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფებიან. ინციდენტის მიზეზების დადგენა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ინციდენტის ადგილი დაუსახლებელი ტერიტორიაა, რომელიც დასავლეთ იავის ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის სააგენტოს მართვაშია. ის გამოიყენება საბრძოლო მასალის განადგურებისთვის და საცხოვრებელი ადგილებიდან საკმაოდ დაშორებით მდებარეობს.
თუმცა, ასეთი ღონისძიებები ხშირად იპყრობს ადგილობრივი მაცხოვრებლების ყურადღებას, რომლებიც ყუმბარებიდან და ნაღმტყორცნებიდან ლითონის ნამსხვრევებს, სპილენძს ან ჯართს აგროვებენ.