“ტვ პირველის” კორესპონდენტმა მარიამ მაკასარაშვილმა ჟურნალისტური საქმიანობის დროს მომხდარი თავდასხმის შედეგად ტვინის შერყევა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს ყოფილი ვიცე-გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ სახეში მუშტი ჩაარტყა.
"მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ცოტა ხნის წინ დასრულდა. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მარიამ მაკასარაშვილს ტვინის შერყევა აქვს. ჟურნალისტი მკურნალობისთვის კლინიკაში რჩება" - იუწყება ტვ პირველი.
რაც შეეხება მის ოპერატორს, როგორც მარიამ მაკასარაშვილი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში აცხადებს, ნუკრი ქაფიაშვილს, რომელსაც გიორგი შინჯიკაშვილის გარემოცვის წევრებმა კამერა წაართვეს და თავში ჩაარტყეს, ჰემატომა აქვს.