უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 15 მაისს თურქეთში უკრაინული და რუსული მხარეების შეხვედრას დაესწროს.
„ახლახან მოვისმინე პრეზიდენტ ტრამპის განცხადება. ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია. მე მხარი დავუჭირე დონალდ ტრამპის იდეას სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ - საკმაოდ ხანგრძლივს [ცეცხლის შეწყვეტას], რათა დიპლომატიას საფუძველი ჩაეყაროს. ჩვენც ეს გვინდა, მზად ვართ უზრუნველვყოთ ჩვენი მხრიდან დუმილი,“ - განაცხადა ზელენსკიმ
ზელენსკიმ დასძინა, რომ ის მზადაა თურქეთში შეხვედრისთვის და იმედოვნებს, რომ რუსები შეხვედრას თავს არ აარიდებენ.
„და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა, უკრაინაში, ვისურვებდით, რომ პრეზიდენტი ტრამპი ჩვენთან ერთად იყოს - ამ შეხვედრაზე თურქეთში... ეს სწორი იდეაა. ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია. პრეზიდენტ ერდოღანს ნამდვილად შეუძლია უმაღლეს დონეზე შეხვედრის მასპინძლობა. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება,“ აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განცხადება გააკეთა უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის თურქეთში შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც, შესაძლოა, ხუთშაბათს, 15 მაისს სტამბოლში გაიმართოს. „პრეზიდენტი ერდოღანი შესანიშნავი მასპინძელი იქნება. ვფიქრობ, ხუთშაბათს თურქეთში რუსეთსა და უკრაინას შორის შეხვედრას კარგი შედეგების მოტანა შეუძლია. და მე ვვარაუდობ, რომ ორივე ლიდერი იქ იქნება. ვფიქრობ, ჩავიდე იქ“.