ჩინეთისგან ტაივანის გამოყოფის ნებისმიერი მცდელობა განწირულია წარუმატებლობისთვის, ჩინეთის არმია მზად არის, მიიღოს გადამწყვეტი ზომები ამ მცდელობების აღსაკვეთად, - ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა ვეი ფენგემ სინგაპურის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
"თუ ვინმე გაბედავს ტაივანის ჩინეთისგან გამოყოფის მცდელობას, ჩინეთის არმია ბოლომდე იბრძოლებს, ნებისმიერ ფასად", - ციტირებს ჩინური მედია მინისტრის განცხადებას.
მისი თქმით, "ტაივანი არის ჩინეთის ტაივანი და სამშობლოს გაერთიანება აბსოლუტური აუცილებლობაა".
უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, ასევე ჩინეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, რომელმაც კომენტარი გააკეთა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის განცხადებაზე. ამავე კონფერენციაზე ლოიდ ოსტინმა ჩინეთი სამხრეთ ჩინეთის ზღვის მილიტარიზაციაში დაადანაშაულა.
ოსტინის საპასუხოდ, ჩინელმა გენერალმა თქვა, რომ ტერმინი სამხრეთ ჩინეთის ზღვის მილიტარიზაცია უფრო აშშ-ს შეეფერება, რადგან ის გზავნის რეგულარულად ხომალდებსა და თვითმფრინავებს ჩინეთის კუნძულების მიმდებარე წყლებში, დაზვერვისა და სამხედრო წვრთნების მიზნით.
"სამართლიანია იმის თქმა, რომ შეერთებული შტატები არის ყველაზე დიდი ძალა, რომელიც ხელს უწყობს სამხრეთ ჩინეთის ზღვის მილიტარიზაციას", - თქვა გენერალმა.
"შეერთებული შტატებია არსტაბირულობის ყველაზე დიდი წყარო საერთაშორისო წესრიგში, გლობალური არეულობის კულუარული მანიპულატორი და საფრთხე რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის", - დასძინა მან.
ამავდროულად, გენერალმა აღნიშნა, რომ საჭიროა ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის "სტაბილური" ურთიერთობები, რაც, მისი თქმით, "კრიტიკულია გლობალური მშვიდობის შესანარჩუნებლად".
ტაივანი ყველაზე მნიშვნელოვანი, მგრძნობიარე და საკვანძო საკითხია ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში.
23 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ტაივანზე ჩინეთის თავდასხმას სამხედრო გზით უპასუხებს. მოგვიანებით, თეთრ სახლში გაკეთდა განმარტება, რომ ვაშინგტონი არ შეცვლიდა პოლიტიკას ჩინეთისა და ტაივანის მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს არ აქვს ოფიციალური კავშირები ტაივანთან, ის არის მისი მთავარი მხარდამჭერი და იარაღის მიმწოდებელი.
გასულ წელს, შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალმა მარკ მილმა კონგრესში განაცხადა, რომ ჩინეთი შესაძლოა მომდევნო 6 წლის განმავლობაში შეიჭას ტაივანში და დაამყაროს მასზე სრული კონტროლი.
ტაივანი თავს სუვერენულ სახელმწიფოდ მიიჩნევს, ხოლო ჩინეთი მას განიხილავს, როგორც სეპარატისტულ პროვინციას. 2021 წლის ოქტომბერში ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ტაივანის ჩინეთთან შეერთება აუცილებლად განხორციელდება, თუნდაც სამხედრო გზით. საპასუხოდ, ტაივანმა განაცხადა, რომ თავს არ დაუხრის ჩინეთის ზეწოლას.