შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, რომელიც იაპონიაში ვიზიტით იმყოფება, შეერთებული შტატები სამხედრო ძალას გამოიყენებს, თუ ჩინეთი შეეცდება ტაივანის დაპყრობას.
ტოკიოში იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდასთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ბაიდენს ჰკითხეს, არის თუ არა აშშ მზად, უფრო შორს წავიდეს ტაივანის დასახმარებლად შეჭრის შემთხვევაში, ვიდრე ეს გააკეთა უკრაინასთან.
"თქვენ არ გინდოდათ უკრაინის კონფლიქტში სამხედრო გზით ჩართვა გასაგები მიზეზების გამო. მზად ხართ თუ არა სამხედრო გზით ჩაერთოთ ტაივანის დასაცავად, თუ საქმე ამაზე მიდგება? - იკითხა ჟურნალისტმა.
"დიახ," უპასუხა ბაიდენმა. "ეს არის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ."
"ჩვენ ვეთანხმებით ერთი ჩინეთის პოლიტიკას. ჩვენ მოვაწერეთ ხელი მას და იქიდან გამომდინარე გაფორმდა ყველა თანმდევი შეთანხმება, მაგრამ იდეა, რომ ტაივანი შეიძლება ძალით იქნას აღებული, არ არის მიზანშეწონილი", - თქვა მან. .
"ერთი ჩინეთის" პოლიტიკის მიხედვით, აშშ აღიარებს ჩინეთის პოზიციას, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია, მაგრამ ოფიციალურად არასოდეს უღიარებია პეკინის პრეტენზია 23-მილიონიან კუნძულზე.
CNN-ის ინფორმაციით, ბაიდენის ეს კომენატრი არის გადახვევა აშშ-ის ე.წ. სტრატეგიული გაურკვევლობის პოლიტიკიდან.
ბაიდენის კომენტარის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ის ოფიციალური პოზიცია უცვლელი რჩება.
"როგორც პრეზიდენტმა თქვა, ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა. მან გაიმეორა ჩვენი პოზიცია ერთი ჩინეთის პოლიტიკასთან მიმართებით და ჩვენი ერთგულება მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ ტაივანის სრუტეზე. მან ასევე გაიმეორა ჩვენი ვალდებულება ტაივანის ურთიერთობების აქტის მიხედვით, მივცეთ ტაივანს სამხედრო საშუალებები საკუთარი თავის დასაცავად", - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
აშშ აწვდის ტაივანის თავდაცვით იარაღს, მაგრამ განზრახ რჩება ორაზროვანი იმის შესახებ, ჩაერევა თუ არა სამხედრო გზით ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში.
რამდენიმე საათში ჩინეთმა გამოთქვა თავისი "ძლიერი უკმაყოფილება და მტკიცე წინააღმდეგობა" ბაიდენის კომენტარებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ არ დაუშვებს რაიმე გარე ძალის ჩარევას მის "შიდა საქმეებში".
ტაივანის საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანი, მგრძნობიარე და საკვანძო საკითხია ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში.