გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადება, რომელიც მან ბერლინში, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა, ყველაზე მკაფიო მინიშნება იყო იმისკენ, რომ ბერლინი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის შეჩერებას არ გამორიცხავს.
პრესკონფერენციაზე ოლაფ შოლცს ჰკითხეს, იქნება თუ არა "ჩრდილოეთის ნაკადის 2"-ის სანქცირება იმ „მაღალი ეკონომიკური საფასურის“ ნაწილი, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ემუქრება.
"აშკარაა, რომ რუსეთს მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს და ეს ყველაფერი უნდა იყოს მათ შორის განხილული, თუ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციას განახორციელებს", - თქვა შოლცმა.
კანცლერის განცხადებით, მისი მთავრობა მხარს უჭერს შეთანხმებას, რომელსაც მისმა წინამორბედმა ანგელა მერკელმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიაღწიეს, რომლის თანახმადაც, გერმანია პირობას დებდა, რომ თუ რუსეთი ენერგეტიკულ რესურსს იარაღად გამოიყენებდა ან აგრესიულ ქმედებებს განახორციელებდა უკრაინის წინააღმდეგ, უზრუნველყოფდა მილსადნის პროექტისთვის სანქციების დაწესებას, როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე.
მისივე განცხადებით, "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-თან დაკავშირებით, ბერლინსა და ვაშინგტონს შორის გასულ წელს მიღწეული შეთანხმება მოიცავს პირობას, რომლის თანახმადაც უკრაინა უნდა დარჩეს რუსული გაზის ევროპაში მიწოდებისთვის ტრანზიტულ ქვეყნად.
"ჩვენ მოველით, რომ რუსეთი სიტუაციის დეესკალაციას მოახდენს. დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯები შეიძლება მოიცავდეს, მაგალითისთვის, უკრაინის საზღვართან სამხედროების შემცირებას", - განაცხადა კანცლერმა.
მან ასევე გამოხატა მოსკოვთან საუბრის მზადყოფნა და თქვა: "ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ რუსეთთან სერიოზული დიალოგის დაწყებისთვის ევროპაში უსაფრთხოების საკითხებზე".
გერმანიის კანცლერის განცხადების კვალდაკვალ, მოსკოვში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი შეხვედრას მართავდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან.
ბერბოკმა ლავროვთან საუბრისას გააჟღერა კანცლერ შოლცის სურვილი რუსეთთან სერიოზული დიალოგის მზადყოფნის თაობაზე და მოუწოდა მოსკოვს პატივი სცეს საერთაშორისო წესებს და არ დაემუქროს მეზობლებს სამხედრო ძალით.
"ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა საერთო წესების დაცვისა, მაშინაც კი თუ ეს მაღალ ეკონომიკურ ფასს მოითხოვს", - თქვა ბერბოკმა.
წინა დღით, ანალენა ბერბოკმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინაში სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, ბერლინი, პარტნიორებთან ერთად, მიიღებს "შესაბამის ზომებს" "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პროექტთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, გასულ წელს მილსადენის სერტიფიცირების პროცესი გერმანიის ენერგეტიკის ფედერალურმა მარეგულირებელმა ორგანომ შეაჩერა.
გერმანიის ხელისუფლების განცხადებით, რუსული "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის გაზსადენის სერტიფიცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება 2022 წლის მეორე ნახევრამდე არ იგეგმება.