გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ უკრაინაში სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, ბერლინი, პარტნიორებთან ერთად, მიიღებს "შესაბამის ზომებს" "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პროექტთან დაკავშირებით.
"თუ რუსეთის მხრიდან იქნება შემდგომი ესკალაციის მცდელობა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად მივიღებთ შესაბამის ზომებს [მილსადენთან დაკავშირებით]", - თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბერბოკმა ასევე აღნიშნა, რომ მილსადენის ოპერატორი Nord Stream 2 AG ჯერ კიდევ არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას, ამიტომ მისი სერტიფიცირება შეჩერებულია.
"ჩვენ, როგორც გერმანიის ახალმა მთავრობამ, კოალიციურ შეთანხმებაში ნათლად განვაცხადეთ, რომ ენერგეტიკული პროექტები უნდა შეესაბამებოდეს გერმანულ და ევროპულ კანონმდებლობას. ეს ასევე ეხება "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ს. ამჟამად ეს პროექტი სრულად არ შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას, ამიტომ სერტიფიცირების პროცესი შეჩერებულია", - განაცხადა ბერბოკმა უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კულებასთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბერბოკმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის მორგი აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ მაღალი ფასი ექნება.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ამის შემდეგ ის რუსეთში გაემგზავრება, სადაც მოლაპარაკებებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართავს.
შეგახსენებთ, მილსადენის სერტიფიცირების პროცესი გერმანიის ენერგეტიკის ფედერალურმა მარეგულირებელმა ორგანომ შეაჩერა.
გერმანიის ხელისუფლების განცხადებით, რუსული "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის გაზსადენის სერტიფიცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება 2022 წლის მეორე ნახევრამდე არ იგეგმება.