გერმანიის მარეგულირებელმა ორგანომ რუსული გაზსადენის "ჩრდილოეთი ნაკადი 2"-ის სერტიფიცირების პროცესი დროებით შეაჩერა.
მარეგულირებელი ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სერტიფიცირების პროცესი შეჩერებულია, ვიდრე გაზსადენის ოპერატორი კომპანია სრულად არ მოექცევა გერმანიის საკანონმდებლო ჩარჩოში. კერძოდ, მთავარმა ოპერატორმა, გაზსადენის გერმანიის განშტოების მართვის მიზნით, შვილობილი კომპანია უნდა დააფუძნოს.
"როდესაც ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება, ქსელების ფედერალური სააგენტო განხილვის პროცესს განაგრძობს, გადაწყვეტილების პროექტს მოამზადებს და შიდა ბაზრის შესახებ კანონმდებლობის თანახმად, მას ევროკომისიაში გააგზავნის კომენტარის მისაღებად", - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანია Nord Stream 2 AG-ი უკვე გამოეხმაურა მარეგულირებლის განცხადებას და აღნიშნა, რომ ყველა ღონეს მიმართავენ, რათა მოთხოვნები შეასრულონ.
55 მლრდ მ³ გაზის სიმძლავრის გაზსადენი - "ჩრდილოეთ ნაკადი 2" გადის ლენინგრადის ოლქის, კინგისეპსკის რაიონიდან გერმანიის ბალტიის სანაპირომდე. მაგისტრალის ორივე განშტოების საერთო სიგრძე 2 460 კმ-ია.
მილსადენი, უკრაინის გვერდის ავლით, ევროპას ყოველწლიურად 55 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის. ალტერნატიული გაზსადენის გამო უკრაინა ყოველწლიურად დიდძალ თანხას დაკარგავს.
ბოლო თვეების განმავლობაში, მილსადენის საკითხი მწვავე უთანხმოების საგანი იყო გერმანიასა და შეერთებულ შტატებს შორის, რადგან ვაშინგტონი თვლიდა, იგი აძლიერებს კრემლის ძალაუფლებას ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარზე და [რუსეთი] სჯის უკრაინას, რომელიც თავის აღმოსავლეთ პროვინციებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ იბრძვის.
ივლისში ცნობილი გახდა, რომ ბერლინმა და ვაშინგტონმა მილსადენთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა მილსადენის პროექტისთვის სანქციების დაწესებაზე, რამაც შესაძლებელი გახადა მისი დასრულება და შემდგომ ექსპლოატაციაში შესვლა.