გავლენიანი ამერიკული გამოცემები Bloomberg-ი და Wall Street Journal-ი იუწყებიან, რომ რუსულ გაზსადენის პროექტ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-თან დაკავშირებით გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
გავრცელებული ცნობით, შეთანხმების დეტალებს მხარეები უახლოს ხანებში გაასაჯაროვებენ.
ბერლინისა და ვაშინგტონის შეთანხმების გათვალისწინებით, რუსული გაზსადენის პროექტის დასრულება შესაძლებელი გახდება. ვაშინგტონი უარს იტყვის გაზსადენთან დაკავშირებით ხისტი პოზიციების გაჟღერებაზე, ბერლინი კი პროექტის დასრულების სანაცვლოდ, უკრაინას დახმარებას გაუწევს ენერგეტიკულ პროექტებსა და დიპლომატიაში.
შეთანხმებაში გათვალისწინებული იქნება მექანიზმი, რომელიც სანქციების სახით ამოქმედდება თუ რუსეთი გაზსადენს უკრაინის წინააღმდეგ პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნებისთვის გამოიყენებს.
როგორც იუწყებიან, შეთანხმების მიღწევა ბერლინსა და ვაშინგტონს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მოხერხდა, საბოლოო დეტალებზე, კი ანგელა მერკელის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს შეთანხმდა.
ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ბაიდენმა და მერკელმა განაცხადეს, რომ ისინი თანხმდებიან, რომ ენერგორესურსები კრემლის იარაღად არ უნდა იქცეს და არ უნდა გამოიყენოს მეზობელ ქვეყნებზე ზეწოლისთვის.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2" არის "დამატებითი პროექტი" და მან არ უნდა ჩაანაცვლოს უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი.
"უკრაინა უნდა დარჩეს ბუნებრივი გაზის სატრანზიტო ქვეყნად", - დასძინა მერკელმა.
მერკელის განცხადებით, გერმანია იმოქმედებს "თუ რუსეთი უკრაინას ტრანზიტის შესაძლებლობას ჩამოართმევს".
კანცლერის განმარტებით, უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში, გერმანიას შეუძლია იმოქმედოს არა მხოლოდ დამოუკიდებლად, არამედ ევროკავშირის მეშვეობითაც. მან გაიხსენა, რომ სწორედ ევროკავშირის მეშვეობით იქნა დაწესებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც უკავშირდება უკრაინის კონფლიქტს.
Bloomberg-ისა და Wall Street Journal-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის კვალდაკვალ, ანალიტკური გამოცემა Politico იუწყება, რომ ვაშინგტონმა მოუწოდა კიევს, თავი შეიკავოს "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პროექტის კრიტიკისგან.
ამერიკული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომელმაც კვლავ დაგმო რუსული გაზსადენის პროექტის დასრულების იდეა.
ადმინისტრაციის განცხადებით, მიუღებელია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება იმ ქვეყნების ზურგს უკან, რომელთაც ეს პროექტი რეალურ საფრთხეს უქმნის.
ამ დროისთვის მილსადენის პროექტის 90%-ზე მეტი განხორციელებულია. იგი შედგება ორი პარალელური ხაზისგან, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის და თითოეული მათგანის სიგრძე 1230 კილომეტრია.
პროექტის მიხედვით მილსადენმა, უკრაინის გვერდის ავლით, ევროპას ყოველწლიურად 55 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი უნდა მიაწოდოს. ალტერნატიული გაზსადენის გამო უკრაინა ყოველწლიურად დიდძალ თანხას დაკარგავს.
შეერთებული შტატები ეწინააღმდეგებოდა პროექტს იმ მოტივით, რომ იგი აძლიერებს კრემლის ძალაუფლებას ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარზე და [რუსეთი] სჯის უკრაინას, რომელიც თავის აღმოსავლეთ პროვინციებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ იბრძვის.
"ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პროექტი უზრუნველყოფს რუსეთიდან გერმანიისთვის გაზის მიწოდებას ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით, რითაც რუსეთი გეგმავს, თავისი მრავალწლიანი ზრახვა, შეამციროს ენერგომატარებლების ექსპორტის დამოკიდებულება უკრაინის გზით ტრანზიტზე, მოიყვანოს სისრულეში.