ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების დროს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გაცვალეს მოსაზრებები რუსული გაზსადენის "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის საკითხთან დაკავშირებით.
მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ბაიდენის განცხადებით, ის და ანგელა მერკელი თანხმდებიან იმაზე, რომ ენერგორესურსები კრემლის იარაღად არ უნდა იქცეს და არ უნდა გამოიყენოს მეზობელ ქვეყნებზე ზეწოლისთვის.
ანგელა მერკელმა ხაზი გაუსვა, რომ ბერლინსა და ვაშინგტონს რუსული გაზსადენის პროექტთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ.
ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ მილსადენთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერს თავისი შეშფოთება გაუზიარა.
"მე და კანცლერი ვთანხმდებით იმაზე, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება, ენერგორესურსები მეზობელ ქვეყნებზე ზეწოლის იარაღად გამოიყენოს", - თქვა ბაიდენმა.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2" არის "დამატებითი პროექტი" და მან არ უნდა ჩაანაცვლოს უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი.
"უკრაინა უნდა დარჩეს ბუნებრივი გაზის სატრანზიტო ქვეყნად", - დასძინა მერკელმა.
მერკელის განცხადებით, გერმანია იმოქმედებს "თუ რუსეთი უკრაინას ტრანზიტის შესაძლებლობას ჩამოართმევს".
კანცლერმა ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად განმარტა, რომ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში, გერმანიას შეუძლია იმოქმედოს არა მხოლოდ დამოუკიდებლად, არამედ ევროკავშირის მეშვეობითაც. მან გაიხსენა, რომ სწორედ ევროკავშირის მეშვეობით იქნა დაწესებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც უკავშირდება უკრაინის კონფლიქტს.
"იმედი მაქვს, რომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება არასდროს მოგვიწევს (გაზსადენთან დაკავშირებით)", - დასძინა კნაცლერმა.
აშშ-ის ადმინისტრაცია ეწინააღმდეგება "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის განხორციელებას და არაერთი სანქცია დააწესა ამ პროექტის წინააღმდეგ.
გასულ თვეში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი გერმანიასთან განიხილავს ზომებს, რათა უზრუნველყონ "ეკონომიკური და სტრატეგიული დაცვა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა უკრაინა".