გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი რუსეთს მოუწოდებს თავი შეიკავოს უკრაინის მიმართ აგრესიისგან და დაიცვას ურთიერთთანამშრომლობის ფუნდამენტური წესები ევროპაში.
"ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა საერთო წესების დაცვისა, მაშინაც კი თუ ეს მაღალ ეკონომიკურ ფასს მოითხოვს", - განაცხადა ბერბოკმა 18 იანვარს მოსკოვში რუსეთის საგარეო მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მან ყურადღება გაამახვილა უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების კონცენტრაციაზე.
"უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე და სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული ყოველგვარი აშკარა მიზეზის გარეშე... ეს რთულია არ განიხილო, როგორც მუქარა", - განაცხადა ბერბოკმა.
ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ ბევრ საკითხში არსებობს სერიოზული პრინციპული უთანხმოება რუსეთის ხელისუფლებასთან. მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია მზად არის შეთანხმებისთვის, რომელმაც ყველას უსაფრთხოება უნდა მოუტანოს. ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აუცილებელია სწრაფად აღდგეს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები "ნორმანდიულ ფორმატში".
ლავროვმა თავის მხრივ, უკრაინა კვლავ დაადანაშაულა მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობაში და განაცხადა, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია არა ახალი შეხვედრის ვადები, არამედ მისი შინაარსი. ამიტომ მისი თქმით, მოსკოვი ჯერ ვერ ხედავს შეხვედრის აუცილებლობას.
რაც შეეხება, უსაფრთხოების გარანტიებს, რომელსაც რუსეთი დასავლეთისგან მოითხოვს, ბერბოკმა განაცხადა: "ჩვენ მზად ვართ სერიოზული დიალოგისთვის ურთიერთშეთანხმებისა და ნაბიჯების შესახებ, რომელიც ევროპაში ყველას უდიდეს უსაფრთხოებას მოუტანს". მან გასულ კვირას გამართულ მოლაპარაკებებს ნატო-რუსეთის საბჭოში პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები უწოდა. ამასთან, ბერბოკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უალტერნატივოა მოსკოვისა და ბერლინის სტაბილური ურთიერთობა, რომლის განვითარებაზეც გერმანიის ახალი მთავრობა მუშაობას გეგმავს.
რუსეთში ვიზიტამდე ანალენა ბერბოკი კიევს სტუმრობდა, სადაც შეხვედრები გაიმართა უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.