ყაზახეთში მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, ქვეყანაში მოქმედმა რამდენიმე ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, მაუწყებლობას შეუფერხებლად აგრძელებს მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაქვემდებარებული ორი ტელეარხი "ხაბარ 24" და "31-ე არხი".
მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ დედაქალაქ ნურ-სულთანსა და ალმათში ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი შეწყდა. ამასთან, ყაზახეთში მოქმედი ონლაინ საინფორმაციო სააგენტოების ნაწილი არ არის ხელმისაწვდომი საზღვარგარეთ.
ბრიტანული კომპანია NetBlocks, რომელიც რომელიც მთელ მსოფლიოში თვალყურს ადევნებს ინტერნეტის მიწოდებას, ადასტურებს, რომ ყაზახეთში ინტერნეტი დაბლოკილია, ინტერნეტტრაფიკი მინიმუმამდე დაეცა.
ყაზახეთი მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ყაზახეთის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები გაზის გაზრდილი ფასის გამო დაიწყო.
მასობრივი პროტესტის ფონზე, ყაზახეთის მთავრობა გადადგა.
თავდაპირველად დემონსტრაციები მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით შეტაკებებში გადაიზარდა, რის გამოც ყაზახეთის პრეზიდენტმა ცენტრალური აზიის უდიდეს ქალაქ ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა ქალაქ ალმათში, სადაც დემონსტრანტები ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ და გადაწვეს. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა ცეცხლს მისცეს ალმათში მდებარე მმართველი პარტია Nur Otan-ის ერთ-ერთ ოფისი და გენერალური პროკურატურის შენობა.
ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ-თოყაევმა დედაქალაქ ნურ-სულთანში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.