ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის დღევანდელი ბრიფინგით დადასტურდა ეჭვი, რომ შსს-ს ნამდვილად ჰქონდა შეძენილი ის ნივთიერებები, რომელთა შესახებ BBC საუბრობდა, და მაღალი ალბათობით სწორედ ეს ქიმიური ნაერთები გამოიყენეს 2024 წლის დეკემბრის აქციების დაშლისას წყლის ჭავლთან ერთად.
"ირაკლი კობახიძემ საჯაროდ აღიარა, რომ კოდის: UN3439 ქვეშ მყოფი ნივთიერებები იყო სავარაუდოდ შერეული [წყლის ჭავლში]. ამ კოდის ქვეშ ყველა არის ძალიან ტოქსიკური და მავნე ნივთიერება - ხალხო, საშინელება მოხდა. ეს არ იყო წყლის ჭავლი, ქიმიური ნივთიერებების ჭავლი იყო", - განაცხადა ლომჯარიამ
როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, მაშინ, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროსგან ითხოვდნენ პასუხს, თუ რა ნივთიერებები გამოიყენებოდა აქციების დაშლისას მოქალაქეების წინააღმდეგ, უწყებაში განმარტავდნენ, რომ არ იყვნენ დაინტერესებული აღნიშნული საკითხით.
"დღევანდელი ბრიფინგით ირაკლი კობახიძემ მოგვაწოდა შოკისმომგვრელი ინფორმაცია. ფაქტობრივად, მან დაადასტურა, რომ იმ კოდის ქვეშ არსებული ნივთიერებები, რაზეც საუბრობდა BBC , ნამდვილად აქვს შეძენილი შსს-ს და ასევე ორჯერ დაადასტურა, რომ მაღალი ალბათობით, დიახაც, ეს ნივთიერებები იყო გამოყენებული შარშან მოქალაქეთა დაშლის დროს, შერეული იყო წყლის ჭავლში. ის მხოლოდ გამორიცხავს კამიტის გამოყენებას, მაგრამ არ გამორიცხავს და ადასტურებს, რომ დიდი ალბათობით, სხვა ქიმიური ნივთიერება ამ კოდის ქვეშ იყო გამოყენებული წყლის ჭავლთან ერთად და ამბობს, რომ მხოლოდ ახლა იძიებენ, რა ნივთიერება იყო ეს.
ჩვენ ასევე ვიცით საერთაშორისო ექსპერტისგან, რომ ამ კოდის ქვეშ მყოფი ნივთიერებებიდან, კამიტი ყველაზე შედარებით უფრო მსუბუქია, იმიტომ, რომ სხვა ნივთიერებებს, როგორც საერთაშორისო ექსპერტი ამბობს, კიდევ უფრო მძიმე შედეგები მოაქვს. ერთი წლის განმავლობაში მალავდნენ ამ ინფორმაციას და ახლა აცხადებენ, რომ თითქოსდა იძიებენ, რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იყო მძიმე ტოქსიკური ნივთიერება და ამას უკვე ისინი თავადვე ადასტურებენ. როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს ვეუბნებოდით, რა ნივთიერებები იყო გამოყენებული გვითხარითო, იწერებოდა, რომ არ ვიცით, არ მაინტერესებს, არ არის ჩემი საქმეო. არც დაინტერესებულა გამოეკვლიათ, რა ნივთიერებებით მოწამლეს ათი ათასობით ადამიანი“, - განაცხადა ლომჯარიამ.