ქართველი ხალხი ვითხოვთ პასუხს „ალდესგან“ და ევროპული ძალებისგან, გვითხრან, არის თუ არა ტერორიზმი ევროპული ღირებულება? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ადამიანმა თუკი აღიარა ტერორისტული აქტის ჩადენა და მას საკუთარი პარტია არ ემიჯნება, ეს არის ტერორისტის მფარველი პარტია.
„ეს არის ჭეშმარიტების მომენტი, მათ შორის ევროკავშირისთვის, რადგან „ალდე“ გახლავთ ერთ-ერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკური ძალები არიან გაერთიანებული, ზოგიერთ ქვეყანაში ხელისუფლებაშიც კი არიან „ალდეს“ წარმომადგენლები. ახლა ქართველი ხალხი ვითხოვთ პასუხს „ალდესგან“ და ევროპული ძალებისგან, გვითხრან, არის თუ არა ტერორიზმი ევროპული ღირებულება?
თუკი ადამიანმა აღიარა ტერორისტული აქტის ჩადენა და მას საკუთარი პარტია არ ემიჯნება, ეს არის ტერორისტის მფარველი პარტია; თუკი მას არ ემიჯნება მისი კოალიციური გუნდი, რომელშიც დღემდე ირიცხება, ისიც არის ტერორიზმის მფარველი; თუკი მას არ ემიჯნება ის პოლიტიკური გაერთიანება, რომლის წევრიც არის ეს პარტია და კოალიცია, ისინიც არიან ტერორიზმის მფარველები. ეს კვირა დაველოდებით და ორშაბათამდე არ იქნება გამიჯვნა, გარიცხვა, როგორც „მოქალაქეები“, ისე „ძლიერი საქართველო“ და „ალდე“ ჩემს რიტორიკაში მოხსენიებული იქნებიან, როგორც ტერორისტის მფარველები. ორშაბათამდე აქვთ დრო, ორშაბათიდან ისინი ოფიციალურად გახდებიან ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.