ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. როგორც იუწყებიან, შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ-თოყაევმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა.
პრეზიდენტის განკარგულებით, საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ადმინისტრაციის ცნობით, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნებით არის ნაკარნახევი, ძალაშია 5 იანვრის 16:00 საათიდან და იმოქმედებს 19 იანვრის 00:00 საათამდე.
დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების კვალდაკვალ, ვრცელდება ცნობები, ყაზახეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციების მონაწილეთა და პოლიციას შორის დაპირისპირების შესახებ.
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაზახეთის ქალაქ ალმათში მმართველი პარტია Nur Otan-ის ერთ-ერთ ოფისი და გენერალური პროკურატურის შენობა იწვის. ამასთან, ჩამსხვრეულია შენობების ფანჯრები და კარები. ადგილზე ჯერჯერობით არ გამოჩენილან სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და პოლიციის წარმომადგენლები.
მანამდე, ათასობით დემონსტრანტმა, რომელიც ყაზახეთის ქალაქ ალმათის ცენტრალურ მოედანზე იყო შეკრებილი, გაარღვია პოლიციის კორდონი და ქალაქის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ყაზახეთში მთავრობა მასობრივი პროტესტის ფონზე გადადგა.
ყაზახეთის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები გაზის გაზრდილი ფასის გამო დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრაციები მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით შეტაკებებში გადაიზარდა, რის გამოც ყაზახეთის პრეზიდენტმა ცენტრალური აზიის უდიდეს ქალაქ ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ამ მომენტისთვის სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს ალმათის ცენტრში. სხვადასხვა ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა ამ დროისათვის 3 ათასს აჭარბებს. ძალოვანები დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცსაშუალებებს იყენებენ, მათ შორის ხმოვან ყუმბარებს. ყაზახეთის შსს-ს ოფიციალური ცნობით, ამ დროისთვის დაკავებულია 200-ზე მეტი დემონსტრანტი.
ფოტო: AP