მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, ყაზახეთის მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ ასკამ მამინის ხელმძღვანელობით, გადადგომის შესახებ განაცხადა.
მთავრობის გადადგომა მიიღო ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ-თოყაევმა.
მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერი ალიხან სმილოვი დაინიშნა. მთავრობის მოქმედი წევრები მოვალეობის შესრულებას მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე განაგრძობენ.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა თოყაევმა ანტიმონოპოლიურ ორგანოს დაავალა გათხევადებული არის, ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასების რეგულირება შემდეგი 180 დღის განმავლობაში.
მთავრობის გადადგომას წინ უსწრებდა მასობრივი საპროტესტო აქციები ყაზახეთის დასავლეთით, რომელიც 2 იანვარს დაიწყო და ლამის მთელი ქვეყანა მოიცვა. მოსახლეობა გათხევადებული ბუნებრივი გაზის ფასის ზრდას აპროტესტებდა. როგორც იუწყებოდნენ, ყაზახეთში თხევადი აირის ფასი 120 ყაზახურ ტენგემდე გაძვირდა, რაც დაახლოებით 0.24 ევრო ცენტია.
შემდგომ დღეებში საპროტსტო აქციების მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდა. 4 იანვარს ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქში, აქციის მონაწილეთა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის შეტაკებებიც მოხდა. მასობრივი აქციები დაპირისპირებაში გადაიზარდა ქვეყნის უდიდეს ქალაქებში, ალმათისა და ნურ-სულთანში.
უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. დააკავეს 200-მდე ადამიანი.
4 იანვარს დღის მეორე ნახევარში ქალაქ აქტაუში ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ. ადგილობრივი მთავრობის შენობაში გამართული სხდომის შემდეგ, გადაწყდა, რომ გაზის ფასი 50 ტენგემდე დაიწევდა, თუმცა ამან ვერ შეაჩერა აქციის მონაწილეთა პროტესტი.
მთავრობის გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე თოყაევმა ხელი მოაწერა განკარგულებებს ალმათისა და რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მანგისტაუს რეგიონში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.
საგანგებო მდგომარეობა 5-დან 19 იანვრამდე იმოქმედებს. ამასთან, ამავე რეგიონებში გამოცხადდა კომენდანტის საათი.