ათასობით დემონსტრანტმა, რომელიც ყაზახეთის ქალაქ ალმათის ცენტრალურ მოედანზე იყო შეკრებილი, გაარღვია პოლიციის კორდონი.
როგორც "რადიო თავისუფლების" ყაზახური სამსახური იტყობინება, დემონსტრანტები რეზინის ხელკეტებით შეიარაღდნენ და ქალაქის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ.
როგორც იუწყებიან, ამ დროისთვის, მთელი შენობა დემონსტრანტებმა დაიკავეს. უცნობია, იმყოფებიან თუ არა შენობაში იქ მომუშავე ადამიანები ან სამართალდამცავები.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩამტვრეულია შენობის ფანჯრები და კარები. შენობას ცეცხლი უკიდია, ჩანს სახურავიდან ამომავალი კვამლის სვეტი.
მედიის ინფორმაციით, შენობა, სადაც ადმინისტრაციაა განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის მიჩნეული.
იუწყებიან, რომ ადმინისტრაციის შენობისკენ მოემართება უსაფრთხოების ძალების თანამშრომელთა კოლონა. ისმის სირენების ხმა.
გამოცემა "ინტერფაქს-ყაზახეთი" იუწყება, რომ პოლიციელებმა, რომლებიც დემონსტრანტების შეკავებას ცდილობდნენ, თავს გაქცევით უშველეს. რამდენიმე პოლიციელს დემონსტრანტებმა სცემეს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ყაზახეთში მთავრობა მასობრივი პროტესტის ფონზე გადადგა.
ყაზახეთის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები გაზის გაზრდილი ფასის გამო დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრაციები მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით შეტაკებებში გადაიზარდა, რის გამოც ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ცენტრალური აზიის უდიდეს ქალაქ ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ამ მომენტისთვის სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს ალმათის ცენტრში. სხვადასხვა ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა ამ დროისათვის 3 ათასს აჭარბებს. ძალოვანები დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცსაშუალებებს იყენებენ, მათ შორის ხმოვან ყუმბარებს. ყაზახეთის შსს-ს ოფიციალური ცნობით, ამ დროისთვის დაკავებულია 200-ზე მეტი დემონსტრანტი.
ფოტო: Reuters