დღეს, 9 დეკემბერს, პარიზში, პირველად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გაიმართება "ნორმანდიული ოთხეულის" სამიტი, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს შეხვდებიან რუსეთის, უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტები და გერმანიის კანცლერი.
ამავე ფორმატის ფარგლებში პირველ შეხვედრას გამართავენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
სამიტის გამართვის ინიციატორი იყო საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც იმედოვნებს, რომ მხარეები მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამენ უკრაინის აღმოსავლეთით რუსეთის მიერ მხარდაჭრილი კონფლიქტის მოგვარებისკენ.
ამავდროულად, მაკრონს სურს მეტად გამოკვეთოს პარიზის როლი რეგიონულ და მსოფლიო ასპარეზზე.
სამიტის გამართვის აქტიური მხარდამჭერი იყო უკრაინის პრეზინდეტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის მთავარი საარჩევნო დაპირება სწორედ მრავალწლიანი კონფლიქტის დასრულება იყო უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, კიევში სამიტისგან მყისიერ შედეგებს არ მოელიან.
"10 დეკემებრს დონბასში ომი არ დასრულდება. ეს სიმართლეა. სამიტის მოსალოდნელი შედეგების მიმართა მაღალმა მოლოდინებმა შესაძლოა იმედგაცრუება გამოიწვიოს", - თქვა პრესსპიკერმა.
თუმცა, მისივე თქმით, პარიზში გამართულმა შეხვედრამ შესაძლოა დააჩქაროს დონბასში მშვიდობის დამყარება.
უკრაინელი ოპოზიციური პარტიის ლიდერები მიესალმებიან რა სამიტის გამართვას, მოუწოდებენ ზელენსკის, რომ არ ენდოს პუტინს და მასთან პირისპირ შეხვედრა არ გამართოს.
"ნორმანდიული ოთხეულის" სამიტის ფარგლებში, გერმანიის კანცლერი რუსეთს პრეზიდენტთან შეხვედრისას, ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საკითხს განიხილავს, რომელმაც ბერლინსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური დაძაბულობა წარმოშვა.
აღნიშნული მკვლელობის გამოძიებაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან დახმარების არარსებობის გამო, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვება უბრძანა.
ამასთანავე, ამ საქმესთან დაკავშირებით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა.
ბერლინის ქმედების საპასუხოდ, კრემლმა სარკისებური ზომების მიღება დააანონსა, თუმცა ამ დრომდე შესაბამისი ნაბიჯები არ გადაუდგამს.
ანგელა მერკელმა მხარი დაუჭირა საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას და ამავე დროს, იმედი გამოთქვა, რომ დიპლომატების გაძევება პარიზში დაგეგმილ ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრაზე გავლენას არ მოახდენს.
ცნობისთვის, გერმანია, საფრანგეთი და უკრაინა "ნორმანდიული ოთხეულის" წევრები არიან, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით არის შექმნილი.
"ნორმანდიული ფორმატის" მეოთხე წევრი ქვეყანა რუსეთია, რომელიც ბოლო ორი წელი არ იღებდა მოლაპარაკებებში მონაწილეობას.