ერთადერთი საშუალება, მათ შორის ჩვენი ქვეყნის, მათ შორის საკანონმდებლო მიმართულებით ევროპული ინტეგრაციის მხრივ განვვითარდეთ არის ის, რომ ეს რეპრესიული კანონმდებლობა იქნას გაწვეული, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,
მან ისაუბრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეტანილი ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაზე.
„როდესაც ძირითად სამოქალაქო, პოლიტიკურ უფლებებს ზღუდავს ივანიშვილი და მისი ბანდა ე.წ. საკანონმდებლო ცვლილებებით, შეუძლებელია ეს რეაგირების გარეშე დარჩეს, მათ შორის ეუთო/ოდირის და სხვა ნებისმიერი საერთაშორისო ინსტიტუციის იმიტომ, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა შეუძლებელია ევროპული ნორმა და ღირებულება. რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო, რომ ასეთი ტიპის დასკვნები გაკეთდებოდა. ერთადერთი საშუალება, მათ შორის ჩვენი ქვეყნის, მათ შორის საკანონმდებლო მიმართულებით ევროპული ინტეგრაციის მხრივ განვვითარდეთ არის ის, რომ ეს რეპრესიული კანონმდებლობა იქნას გაწვეული. როცა ვსაუბრობთ მოლოდინებზე, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ივანიშვილთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინები გვქონდეს. ბოლო წელიწადზე მეტია ეს ადამიანი აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზა არამხოლოდ შეჩერებულია, არამედ ყველა ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ უფრო მეტი ევროპული ღირებულება და ნორმა იქნას დარღვეული საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მიერ. ამიტომ ოპტიმისტური მოლოდინი არ გვაქვს. პოზიტიური ცვლილება ერთადერთ შემთხვევაში მოხდება, თუ ამ ავტორიტარული რეჟიმის დემონტაჟი მოხდება“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ეუთო/ოდირ-მა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეტანილი ცვლილებების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა.
„სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუწყოს მშვიდობიან შეკრებას, უნდა აისახოს საკანონმდებლო ჩარჩოსა და შესაბამის პრაქტიკაში და ამ უფლების სხვათა უფლებებთან შეთავსების შეზღუდვების ან შეზღუდვის სხვა დასაშვები საფუძვლების განხილვისას, არასაჭირო ან არაპროპორციულ შეზღუდვებთან შედარებით, სახელმწიფომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ხელშეწყობას“, – ნათქვამია ეუთო/ოდირ-ის დასკვნაში.