გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პირისპირ შეხვედრებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და მის უკრაინელ კოლეგასთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ნორმანდიის ფორმატის სამიტის წინ, რომელიც 9 დეკემბერს გაიმართება პარიზში.
ამის შესახებ პარასკევს, 6 დეკემბერს, ბერლინში, გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ, ულრიკე დემერმა განაცხადა. იტყობინება Deutsche Welle-ი.
ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს, თუ რა საკითხებზე იმსჯელებდნენ შეხვედრისას ანგელა მერკელი და ვლადიმერ პუტინი, ულრიკე დემერმა კონკრეტული პასუხი არ გასცა.
თუმცა გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA იუწყებოდა, რომ ორი ქვეყნის ლიდერი იმსჯელებდნენ ბერლინსა და მოსკოვს შორის წარმოშობილი დიპლომატიური კრიზისის შესახებ, რომელიც ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შემდეგ წარმოიშვა.
აღნიშნული მკვლელობის გამოძიებაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან დახმარების არარსებობის გამო, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვება უბრძანა.
ამასთანავე, ამ საქმესთან დაკავშირებით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა.
ბერლინის ქმედების საპასუხოდ, კრემლმა სარკისებური ზომების მიღება დააანონსა, თუმცა ამ დრომდე შესაბამისი ნაბიჯები არ გადაუდგამს.
ანგელა მერკელმა მხარი დაუჭირა საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას და ამავე დროს, იმედი გამოთქვა, რომ დიპლომატების გაძევება პარიზში დაგეგმილ ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრაზე გავლენას არ მოახდენს.
აგვისტოში, ბერლინში მოკლეს ზელიმხან ხანგოშვილი, რომელსაც ველოსიპედით მიმავალმა ქილერმა ქუჩაში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
ბერლინის პროკურატურამ დააკავა დანაშაულში ეჭვმიტანილი 49 წლის რუსეთის მოქალაქე.
ეს ხანგოშვილზე მეორე თავდასხმა იყო. 2015 წლის 28 მაისს თბილისში ჩაცხრილეს ავტომობილი, რომელშიც ის იმყოფებოდა. ხანგოშვილი სერიოზულად დაიჭრა. მკურნალობის დასრულებისთანავე მან საქართველო დატოვა.
ზელიმხან ხანგოშვილი 2012 წელს საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე სოფელ ლაფანყურის სპეცოპერაციაში შუამავალი იყო. სწორედ ამ სპეცოპერაციას დაუკავშირეს ხანგოშვილის ახლობლებმა 2015 წელს მომხდარი თავდასხმა.