გერმანიამ ორი რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოსკოვის მხრიდან არასაკმარისი თანამშრომლობის გამო მიიღო, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.
"ჩვენ მივიღეთ შესაბამისი ზომები, რადგან რუსეთი ამ მკვლელობის საქმის გამოძიებაში არ გვეხმარება", - განაცხადა მერკელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან, პარიზში დიპლომატების გაძევების საკითხი განიხილოს.
კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ დიპლომატების გაძევება "ნორმანდიული ოთხეულის" სამიტისთვის დაბრკოლება არ იქნება.
4 დეკემებერს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.
ამასთანავე, ამ საქმესთან დაკავშირებით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ დიპლომატიური ან სხვა სახის სანქციების დაწესებას განიხილავდა, სწორედ აღნიშნულ მკვლელობასთან რუსეთის ხელისუფლების კავშირის გამო.
აგვისტოში, ბერლინში მოკლეს ზელიმხან ხანგოშვილი, რომელსაც ველოსიპედით მიმავალმა ქილერმა ქუჩაში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
ბერლინის პროკურატურამ დააკავა დანაშაულში ეჭვმიტანილი 49 წლის რუსეთის მოქალაქე.
ეს ხანგოშვილზე მეორე თავდასხმა იყო. 2015 წლის 28 მაისს თბილისში ჩაცხრილეს ავტომობილი, რომელშიც ის იმყოფებოდა. ხანგოშვილი სერიოზულად დაიჭრა. მკურნალობის დასრულებისთანავე მან საქართველო დატოვა.
ზელიმხან ხანგოშვილი 2012 წელს საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე სოფელ ლაფანყურის სპეცოპერაციაში შუამავალი იყო. სწორედ ამ სპეცოპერაციას დაუკავშირეს ხანგოშვილის ახლობლებმა 2015 წელს მომხდარი თავდასხმა.