გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აგვისტოში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, ბერლინში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ დიპლომატიური ან სხვა სახის სანქციების დაწესებას განიხილავდა, სწორედ აღნიშნულ მკვლელობასთან რუსეთის ხელისუფლების კავშირის გამო.
აგვისტოში, ბერლინში მოკლეს ზელიმხან ხანგოშვილი, რომელსაც ველოსიპედით მიმავალმა ქილერმა ქუჩაში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
ბერლინის პროკურატურამ დააკავა დანაშაულში ეჭვმიტანილი 49 წლის რუსეთის მოქალაქე.
ეს ხანგოშვილზე მეორე თავდასხმა იყო. 2015 წლის 28 მაისს თბილისში ჩაცხრილეს ავტომობილი, რომელშიც ის იმყოფებოდა. ხანგოშვილი სერიოზულად დაიჭრა. მკურნალობის დასრულებისთანავე მან საქართველო დატოვა.
ზელიმხან ხანგოშვილი 2012 წელს საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე სოფელ ლაფანყურის სპეცოპერაციაში შუამავალი იყო. სწორედ ამ სპეცოპერაციას დაუკავშირეს ხანგოშვილის ახლობლებმა 2015 წელს მომხდარი თავდასხმა.